ლევან მახაშვილი – გრძელდება რუსოფობიის კამპანია, რომლის მიზანია დაძაბულობის შემოტანა, სტატისტიკით განსაკუთრებული არაფერი ხდება, ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში მუშაობს

12:13, 26.08.2026

უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობაა, ზაფხულში შექმნან თემა, თან არაფრისგან – ჭიქაში ქარიშხალია ატეხილი. ჩვეულებრივი ტურისტული სეზონი მიმდინარეობს და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან, სახმელეთო იქნება თუ საჰაერო. განსაკუთრებული არაფერი ხდება და სტატისტიკაც ამაზე მიუთითებს – ერთი და მეორე მხრიდან ჩვეულებრივი კვეთა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რუსეთის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს და შემომსვლელთა რაოდენობა გამსვლელების რაოდენობაზე ნაკლებია.

„სჯობს, ამ ვაი პოლიტიკოსებმა საკუთარი თავი დაისაქმონ და საკუთარ ბელადებს შეხედონ, 2008 წლის ომიდან რამდენიმე დღეში რას აკეთებდნენ, როცა რუსებს ფიანდაზებს უგებდნენ და საქართველოში ასე უძღვებოდნენ. სტატისტიკით განსაკუთრებული არაფერი ხდება, ტურისტულ სეზონზე ყველა საზღვარი დატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებს. შემომსვლელების რაოდენობა გამსვლელების რაოდენობაზე ნაკლებია, განსაკუთრებული არაფერი ხდება. მათი პრეზიდენტი ლარსზე იდგა და შემომსვლელ მანქანებს ეხვეწებოდა, ოღონდ აქ შემოდით და ფული დახარჯეთ, მთელი საქართველო ფეხქვეშ დაგეგებით, გადაგყვებითო. ეს ყველაფერი რუსოფობიის კამპანიის გაგრძელებაა, რომლის მიზანია დაძაბულობის შემოტანა, სიძულვილის გაღვივება. ეს არის დაპირისპირებისკენ მიმავალი გზა. ეს ადამიანები ვაი პოლიტიკოსები არიან, რადგან საზოგადოებაში, რთულ რეგიონში ერებს შორის დაპირისპირებას აღვივებენ. 2008 წლის ომი მათი ომი არ იყო? რუსეთი მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო, რომ პატრიოტული განწყობა გაღვივებოდათ? ეს ყველაფერი ხელოვნური და ყალბი პოლიტიკური აქტივობაა, რომლის მიზანია, ანტირუსულ ემოციებს მოერგონ. რასაც ვხედავთ, პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობაა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

მსგავსი