ლევან მახაშვილი – გიორგი ბარამიძის განცხადება მიუღებელია, შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების მიერ ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში

12:03, 06.08.2026

გიორგი ბარამიძის განცხადება მძიმე და მიუღებელია, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

ლევან მახაშვილის თქმით, „სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა“.

„მიუღებელია და სპეკულაციაა. ამ თემით თამაში იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც თავის დროზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ მან საკუთარი ჯარისკაცები დაიცვას, პირიქით, ვხედავთ, ქართველი ჯარისკაცების იმიჯის შელახვა როგორ ხელაღებით ხდება. ეს მხოლოდ იმიჯის შელახვა არ არის, ეს არის კონკრეტულ დანაშაულებში საკუთარი ჯარისკაცების დადანაშაულება. ეს არ არის კონკრეტული პოლიტიკოსის დილის თუ საღამოს განცხადება და ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მსგავსი