ლევან მახაშვილი - ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნა სანქციების დაწესებაზე არსებითად მცდარ, დამახინჯებულ და გამრუდებულ შეფასებებს ეფუძნება 
ლევან მახაშვილი - ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნა სანქციების დაწესებაზე არსებითად მცდარ, დამახინჯებულ და გამრუდებულ შეფასებებს ეფუძნება 

ევროპის სახალხო პარტიის მოთხოვნა სანქციების დაწესებაზე არსებითად მცდარ, დამახინჯებულ და გამრუდებულ შეფასებებს ეფუძნება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დროა, ძალადობას ძალადობა დაერქვას.

„გაღმა შეედავე, გამოღმა შეგედავებიანო. სახელმწიფო დამხობის ანონსს თვეების განმავლობაში ვისმენდით. ეს არ იყო, რომ ვიღაცას თავში რაღაც ექსპრომტად მოუვიდა. სახელმწიფო დამხობის თეატრალურ წარმოდგენას, რომელსაც თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებდით, ჩავარდა. ახლა შეუძლიათ, გამზადებული ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები გვერდზე გადადონ და ძალადობას ძალადობა დაარქვან. როცა ძალადობას თავის სახელს ვერ არქმევ, მაშინ რა პირით შეუძლიათ, საქართველოს მოსახლეობას ესაუბრონ? – ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. მათი მოთხოვნა სანქციების დაწესებაზე არსებითად მცდარ, დამახინჯებულ და გამრუდებულ შეფასებებს ეფუძნება“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ „ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დააწესოს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრის“.