ლევან მახაშვილი – ევროკომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ვერ დაწვრილმანდება მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზე

13:53, 28.10.2026

გასულ წელთან შედარებით, განსაკუთრებულს ახალს არაფერს ველოდები, როგორც წესი, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები ეფუძნება მიმდინარე წლის განმავლობაში კომისიასა და კანდიდატ ქვეყანას შორის ინფორმაციების ურთიერთგაცვლას, კომისია ასახავს ხოლმე ამა თუ იმ კანონმდებლობას, სად რა არის და ა.შ. – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ურთიერთობები გაყინულია.

,,ევროკომოსიას არანაირი კომუნიკაცია შესაბამის სამინისტროებთან, შესაბამის ექსპერტებთან არ არის. იცით, რომ ფორმატებიც გაყინულია – ასოცირების ფორმატები, სადაც ეს საკითხები უშუალოდ განიხილებოდა ხოლმე, მათ შორის ასოცირების კომიტეტში, ქვეკომიტეტებში. ამიტომ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება. შესაბამისად, ახალს არაფერს ველოდები. წინა ანგარიშების მსგავსად, რაზეც საუბარი იქნება, პოლიტიკური საკითხებია. თავად კომისიამაც განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აპირებენ შეფასებების გაკეთებას და არ ჩადიან სიღრმეებში, სექტორულ ნაწილებში. ვერც ჩავლენ, რადგან ეს ურთიერთობები გაყინულია. ამიტომ, ამის გათვალისწინებით, არ ველოდები, რომ რაიმე სიახლე იქნება. აუცილებელია დიალოგი, მათ შორის ექსპერტების დონეზე, იმისთვის, რომ სრულად გაიცვალოს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა გააკეთა საქართველომ ერთი წლის განმავლობაში სექტორული მიმართულებებით, განათლებიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული სად, რა კანონმდებლობა იყო გადატანილი. ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშები არ უნდა იყოს პოლიტიკური შეფასებების თუ ურთიერთბრალდებების საფუძველი. კომისიის ანგარიში საკითხების სპექტრს მოიცავს და ის ვერ დაწვრილმანდება თუ დავა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე ურთიერთბრალდებების დონეზე”, – განაცხადა მახაშვილმა.

მსგავსი