ლევან მახაშვილი - ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს შანსი მივცეთ, განვითარდეს და გაღრმავდეს, მაგრამ ამ პროცესს ფრთხილად, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გადატვირთვას მიესალმება.
მახაშვილის თქმით, საქართველო ამ პროცესს ხელს შეუწყობს, თუ მის უკან ფარული დღის წესრიგი არ დგას.
„ჩვენს ხელთ რაცაა, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ამ ურთიერთობებს შანსი მივცეთ, განვითარდეს და გაღრმავდეს, მაგრამ არავინ არის გულუბრყვილო, ამ პროცესს ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით. უკრაინის დამოკიდებულებებისა და ნაბიჯების თაობაზე სამწუხარო გამოცდილება გვაქვს. შეიძლება, ბევრი კითხვა არსებობდეს. ამიტომ დავაკვირდებით პროცესს, რამდენად გულწრფელად არიან უკრაინელები მონდომებული ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ფარული დღის წესრიგი თუ არ დგას, ამ პროცესს ხელს შევუწყობთ“, – განუცხადა ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს.