ლევან მახაშვილი – ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება, საქართველო რაიმე განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას არ ითხოვს
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ქართული დელეგაცია ორმხრივი ინტერესის საკითხებს განიხილავს.
მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა პრობლემატურ საკითხზე სასაუბროდ.
„ლუქსემბურგში რამდენიმე დღეში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო. მაშინ, როცა ამ ეტაპზე ბრიუსელს გადაწყვეტილი აქვს, კარი ჰქონდეს დახურული, ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობაა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა იმ პრობლემატიკაზე ვისაუბროთ, რომელიც თავის დროზე კარის დახურვის მიზეზები იყო. დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი საუბარი გვექნება.
ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს. საქართველო არ ითხოვს რაიმე განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ მოთხოვნებს, ან ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზას, არამედ ითხოვს სამართლიან დამოკიდებულებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა იქნება კონსტრუქციული დიალოგი. სამართლიანი დამოკიდებულება როცა იქნება, რა თქმა უნდა, ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია დიალოგი – არა კარის დახურვა, არამედ დიალოგი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.