ლევან მახაშვილი - არაერთი ნამდვილად გულწრფელი, ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი გვყავს, რომელთაც აქვთ სურვილი, თავისი წვლილი შეიტანონ პოლიტიკურ საქმიანობაში
ჩვენ გვყავს არაერთი ნამდვილად გულწრფელი, გულანთებული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, პოლიტიკური წვლილი შეიტანონ პოლიტიკურ საქმიანობაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი პარტიების გამოჩენას ხელს უშლის ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათთან დაკავშირებულ პარტიებს სრულად მონოპოლიზებული აქვთ ოპოზიციური სივრცე.
„ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, მტკიცებულებები დოკუმენტურად გადავცეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორება, რათა, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და მომავალშიც პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდეს შესაძლებლობა და რესურსი იმ პარტიების გამოჩენის, რომლებიც დღეს, სწორედ იმის გამო, რომ სრულად მონოპოლიზებული აქვს ამ დესტრუქციულ ძალას ოპოზიციური სივრცე, ვერ ახერხებენ ამ სივრცეში შემოსვლას. ჩვენ გვყავს არაერთი ნამდვილად გულწრფელი, გულანთებული და ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი, რომელთაც აქვთ სურვილი, პოლიტიკური წვლილი შეიტანონ პოლიტიკურ საქმიანობაში, მაგრამ სწორედ იმის გამო, რაც ვახსენე, ამას ვერ ახერხებენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გაჩნდება რესურსი ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის მშენებლობაში.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს, თორემ საზოგადოებამ ისედაც ნახა, მოისმინა მათი განცხადებები, რომ ისედაც არ აპირებენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მონაწილეობა რომც მიიღონ, მათი შანსი ნულის ტოლფასია, მათივე საქმიანობის გამო, რადგან ბოლო წლების განმავლობის ყველაფერს აკეთებდნენ, მოსახლეობაზე და ამომრჩეველზე ზრუნვის გარდა. თეორიულადაც, რომ მიეღოთ მონაწილეობა, კარგი იქნებოდა, გამოჩნდებოდა კიდევ ერთხელ, ნიღაბი ჩამოეხსნებოდათ კიდევ ერთხელ და დავინახავდით, რომ არანაირი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან არ აქვთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.