ლევან მახაშვილი - ამ სამმა წელმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები სწორი იყო და ოპოზიცია რასაც ითხოვდა, ის რომ გაგვეკეთებინა, დღეს დანგრეულ მდგომარეობაში ვიქნებოდით
ამ სამმა წელმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები სწორი იყო და ოპოზიცია რასაც ითხოვდა, ის რომ გაგვეკეთებინა, დღეს დანგრეულ მდგომარეობაში ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, პატარა ქვეყნებმა მანევრირება ფრთხილად უნდა მოახდინონ, რათა სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნონ.
ლევან მახაშვილს კითხვა დაუსვეს ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ალიანსმა ვალდებულება აიღო, მისცეს უკრაინას ნატო-ს წევრობა მომავალში, თუმცა არასდროს დაჰპირებია, რომ ეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობით მოხდება.
„ეს განცხადება აჩვენებს, რომ მსოფლიო ცივი ომის ეპოქას დაუბრუნდა, რეალისტურ საერთაშორისო ურთიერთობებს, სადაც ქვეყანასა და სახელმწიფოს ძალა თუ აქვს, ძალით შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და ახალი რეალობების შექმნა. სწორედ ეს რომ ვიცოდით, პროცესებს რეალისტურად ვაფასებდით და არა ემოციებით, ამიტომ გადავდგით პრაგმატული ნაბიჯები. შეიძლება, იმ მოცემულობაში ის ნაბიჯები იყო ემოციური, მაგრამ სახელმწიფოსთვის – ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ამ სამმა წელმა დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იყო და რასაც ოპოზიცია ითხოვდა, ის რომ გაგვეკეთებინა, დღეს დანგრეულ მდგომარეობაში ვიქნებოდით, რაშიც, სამწუხაროდ, უკრაინაა. გუშინდელი განცხადებები მიუთითებს, რომ ჩვენ ამ სამყაროს დავუბრუნდით. პატარა ქვეყნებმა, ჩვენნაირმა სახელმწიფოებმა, რომელთაც დიდი რესურსი არ აქვთ, ამ სივრცეში მანევრირება ფრთხილად უნდა მოახდინონ, რათა საკუთარი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.