ლევან მახაშვილი – აღმაშფოთებელია, როცა ფარულად და, როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, აუდიტის სამსახურის მოკვლევას დაველოდოთ
ბევრი კითხვა არსებობს, აუდიტის სამსახური მოიკვლევს და გაარკვევს, დაირღვა თუ არა კანონი და რა ნაწილში დაირღვა, ვის რა წილი აქვს ამ პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, დაფინანსების საკითხზე მთავრობისთვის მიმართვა და თანხმობა არ არსებობდა.
„აღმაშფოთებელია, როცა ასე ფარულად, მალულად და, როგორც ჩანს, კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა და ამას ბრიუსელის ჩინოვნიკები ჰპირდებოდნენ მოსახლეობას, რომ შავ ხვრელებს იპოვიდნენ, როგორ შემოეტანათ ფული ქართულ პოლიტიკაში. საქართველო ევროსაბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია ამ ფორმით ეპყრობა საკუთარ წევრ სახელმწიფოს და მოსახლეობის მიმართ უპატივცემულობას იჩენს. აუდიტის სამსახურის მოკვლევას უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდა. თუ ამაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება საჭირო, ამას სახელმწიფო გააკეთებს“,- განაცხადა მახაშვილმა.