ლევან მახაშვილი - 2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, შემდეგი თვეების განმავლობაში ოპოზიციის ნაბიჯებს დავაკვირდებით
ოპოზიციის მხრიდან ბევრი მოგვისმენია, თუმცა მათ მიერ გაკეთებული საქმე სრულიად განსხვავებული იყო ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს გნუცხადა.
მისი თქმით, ამ კამპანიის კულმინაციად 26 მაისი დაანონსეს, როცა ქვეყნის მასშტაბით საერთო-სახალხო ზეიმია, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვთ, საპროტესტო ნაბიჯებით ეს პროცესი ჩაშალონ და ხელი შეუშალონ.
„2011 წლის 26 მაისის ავტორებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მოვლენებს დავაკვირდეთ. ამ ადამიანებს მოვუწოდებ, ასეთი სახის განცხადებებს მაქსიმალურად სიფრთხილით მოეკიდონ. 4 ოქტომბერზეც გვახსოვს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, დამხობაზე და ა.შ. თითოეული ნაბიჯი ფრთხილად და პასუხისმგებლობით გადადგან. არ ვიცი, მოსახლეობასთან შესახვედრად რა მიზეზებს ეძებენ. ყველა მათმა სტრატეგიამ კრახი რომ განიცადა, ფაქტია. შეფასებებს გავაკეთებთ არა იმ ლამაზ განცხადებებზე, რასაც შეიძლება, აკეთებდნენ, არამედ იმ ნაბიჯებით, რასაც დგამენ, ამას შემდეგი თვეების განმავლობაში დავაკვირდებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „იწყებენ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. სიმბოლური კულმინაცია კი იქნება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში დიდი, ხალხმრავალი აქცია“.