ლევან მახაშვილი - 11 ივნისს საინტერესო შეხვედრა იქნება, ჩვენი დელეგაცია მოწოდებულია, თითოეულ საკითხს საქმიანად მიუდგეს, ბრიუსელში კონკრეტული ფაქტებით წარვდგებით
11 ივნისს უწყებებს შორის საინტერესო შეხვედრა იქნება. ევროკომისიას შესაძლებლობა ექნება, პოზიციები გაცვალოს იმ თემებზე, რაზეც შეიძლება, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას კითხვები ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს სავიზო რეგულაციის ფარგლებში ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„ბოლო პერიოდში ამ თემის ზედმეტი პოლიტიზება ხდება და ადგილი ჰქონდა შანტაჟის იარაღად გამოყენებას. იმედია, ეს შეხვედრა და დიალოგი ხელს შეუწყობს თემის პოლიტიკური სივრციდან გამოტანას და სამუშაო ფორმატში დაბრუნებას. ჩვენი დელეგაცია მოწოდებულია, თითოეულ საკითხს საქმიანად მიუდგეს, რომელიც შეიძლება, ევროკომისიას ჰქონდეს. ევროპელების წინაშე კონკრეტული ფაქტებითა და ინფორმაციით წარვდგებით“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის ფარგლებში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება.