ლევან მაისაშვილი - ვეცდებით უელსის ნაკრების წინააღმდეგ უკეთესად ვითამაშოთ (ვიდეო)
ლევან მაისაშვილი - ვეცდებით უელსის ნაკრების წინააღმდეგ უკეთესად ვითამაშოთ (ვიდეო)

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში, პირველი შეხვედრა ინგლისის ნაკრებთან დათმო (0:40). „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვლმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ამ მატჩის შესახებ და შოტლანდიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზეც გაამახვილა ყურადღება:

„ამ ორმა თამაშმა მოგვცა ის, რომ უკეთესად შევთამაშდით, დაგვანახა ის მხარეები სადაც მეტად გვაქვს სამუშაო, ასევე მოთამაშეებს უნდა დაენახათ ის განსხვავება, რაც არის ჩვენი დონისა და ჩვენზე დაბალი დონის გუნდებთან თამაშის დროს და რა არის პირველი დონის გუნდებთან სათამაშოდ საჭირო – ტემპი, დრო, შესაძლებლობების რაოდენობა, შეცდომების ფასი.

ამ ტიპის თამაშებზე შეტევაში ვართ შეზღუდულები, აქედან გამომდინარე რამდენი შანსიც გვაქვს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ამას კი სჭირდება გამოცდილება, ტექნიკური შესრულება, სათამაშო კლასი და მიჩვევა.

რაც შეეხება დაცვას, ნებისმიერი შეცდომა უმეტეს შემთხვევაში ფასობს ქულად. აქედან გამომდინარე პირველი თამაში აბსოლიტურად მოუმზადებლები ვიყავით, ერთი სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ. ამ კვირაში ორჯერ ვივარჯიშეთ სრულყოფილად და თამაშს უფრო მეტად მომზადებულები შევხვდით და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ თამაშსაც უფრო კარგად შევხვდებით.“

ლევან მაისაშვილმა, მომდევნო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელსაც „ბორჯღალოსნები“ შაბათს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ:

„უელსის ნაკრები, რა თქმა უნდა, არ გამოიყურება ისე როგორც მსოფლიო ჩემპიონატზე და მის წინ, თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ეს არის მაღალი ხარისხის გუნდი და შეცდომებზე ზუსტად ისე დავისჯებით, როგორც ინგლისის შემთხვევაში. მეტი ყურადღება, მონდომება, და მომზადება გვმართებს. ჩვენ ვაანალიზებთ უელსის ბოლო თამაშებს და ვეცდებით ნაკლები შეცდომა დავუშვათ, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და მაქსიმალურად უკეთესად ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ.“