ლევან მაისაშვილი - ვეცდებით, რომ შემტევი რაგბი ვაჩვენოთ | „ბორჯღალოსნების“ წინასამატჩო პრესკონფერენცია [ფოტო]
ლევან მაისაშვილი - ვეცდებით, რომ შემტევი რაგბი ვაჩვენოთ | „ბორჯღალოსნების“ წინასამატჩო პრესკონფერენცია [ფოტო]

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2020 წლის სეზონის დასკვნით შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ რუსეთს 7 თებერვალს, „მიხეილ მესხის სტადიონზე“ დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ, ჟურნალისტებთან ონლაინ-პრესკონფერენცია გამართეს „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ.

მაისაშვილმა მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი და დინამიური რაგბის თამაშს ეცდება:

„კარგად მოვემზადეთ და ბიჭებმა კარგად ივარჯიშეს. საკმაოდ ნაყოფიერმა კვირამ ჩაიარა. ჩვენ ხუთშაბათის ჩათვლით ვივარჯიშეთ და პარასკევს მივეცი მათ დასვენების საშუალება. საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ თამაშისთვის ძალები აღიდგინონ. ველოდებით დინამიურ თამაშს და ვეცდებით, რომ შემტევი რაგბი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გამოცდილება და უპირატესობები, რაც მოწინააღმდეგესთან გაგვაჩნია.

მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული რამდენად მოგვცემს ხელით თამაშის საშუალებას. მგონია, რომ უნდა შევძლოთ ხელდახელ რაგბის თამაში. უნდა ვაკონტროლოთ შეჯგუფებები, მოვიგოთ ორთაბრძოლები და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ ხელდახელ ვითამაშოთ.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების საშუალო ასაკი 24-25 წელია და ფაქტობრივად, „ბორჯღალოსნები“ ხვალინდელ მატჩს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარებენ. შემადგენლობასთან დაკავშირებით მწვრთნელმა განაცხადა:

„ჯაიანმა ძალიან დიდი პროგრესი გააკეთა „შემოდგომის ერთა თასზე“ და ბრწყინვალედ ჩაატარა ტურნირი. ლაშა თამაშიდან თამაშამდე იზრდებოდა და შესაბამისად კითხვის ნიშნები არ არსებობდა მის შემადგენლობაში ყოფნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჯავახიას – იმავე „შემოდგომის ერთა თასზე“, სადაც შემოვიდა შეცვლაზე, ყოველთვის დიდი ენერგია შემოიტანა. ახლა კარგ ფორმაშია და თუ მას „შემოდგომის ერთა თასზე“ მეტი დრო არ მიეცა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ტრავმებმა შეუშალა ხელი. ის ახლა ჯანმრთელად არის და ამიტომაც, ლაშასთან ერთად იწყებს. იმედი მაქვს, რომ კარგად წარმოაჩენენ ორივე თავს.

ზაფხულის შემდეგ ბევრი იშრომა დავით ნინიაშვილმა. ის ძალიან მშრომელია და ეტაპობრივად მივეცით სათამაშო დრო, ახლა კი ძირითადში ყოფნა დაიმსახურა. მესმის, რომ ეს გარკვეულ წნეხთან იქნება დაკავშირებული და რა თქმა უნდა ნერვიულობაც დიდი ექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამოცანას კარგად გაართმევს თავს.

გარკვეული შესვენების შემდეგ გვიბრუნდება ზურაბ ჟვანია, რომელსაც გარკვეული პერიოდი ტრავმები ჰქონდა და კლუბშიც ვერ თამაშობდა. გარდა ამისა, ბურჯის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და მისი გარკვეული პერიოდით არყოფნის მიზეზი ესეც იყო. ახლა ის ფიზიკურად კარგადაა და მისგან ჩვეულ სტილში თამაშს ველით.“

ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენციაზე მეტოქეც შეაფასა:

„რუსეთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. ისინი მუდმივად ცდილობენ ახალი სახეების შემოყვანას, რათა ჩვენთან არსებული ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახონ. გუნდი ფიზიკურად და ტექნიკურად კარგადაა მომზადებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა კომპონენტში უპირატესობა გვექნება და ვეცდებით მეტოქე თავიდანვე წნეხში მოვაქციოთ.

სამწუხაროდ, თამაში უმაყურებლოდ ჩაივლის, რაც რაგბისათვის არატიპიურია. მსგავსი პრაქტიკა „შემოდგომის ერთა თასზე“ გვქონდა. ჩვენ განებივრებული ვართ გულშემატკივრის მხურვალე მხარდაჭერით, მაგრამ არსებულ სიტუაციასთან შეგუება მოგვიწევს.“

მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა გადახალისებული, კარგი თამაშის მოლოდინი აქვს ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს:

„ისეთი მნიშვნელობის თამაშია, რომ არ გვაქვს უფლება ჩვენზე რაიმე ფაქტორმა უარყოფითად იმოქმედოს. ყველა მორაგბემ, რომელიც 23-კაციან განაცხადშია, ეს უფლება თავისი შრომით დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, ამოცანას თავს კარგად გავართმევთ“.

კაპიტანი ცენტრში თამაზ მჭედლიძეს შეუწყვილდება, რომელთან ერთადაც თითქმის ორი წელია თამაში არ დაუწყია:

„მას შემდეგ გარკვეული პერიოდი გავიდა, თუმცა ეს კვირა კარგად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ამოცანას თავს ეფექტურად გავართმევთ. რუსეთი ჩვენთან ფეხით ცდილობს თამაშს და წნეხის შექმნას, რათა ჩვენს შეცდომებს დაელოდოს, რისთვისაც მზად ვართ. მათთან გამარჯვებების დიდი სერია გვაქვს, რაც გარკვეული წნეხია. მათთან დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ჩვენთვის და გულშემატკივრისთვის უფრო მძიმედ აღიქმება. თუმცა მჯერა, რომ „შემოდგომის ერთა თასზე“ მიღებული გამოცდილება ამ წნეხის დაძლევაში დაგვეხმარება“.