ლევან მაისაშვილი - ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია #1TVSPORT

„ბორჯღალოსნები“ ხვალ, 2 ივლისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.

მაისაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე.

„მსოფლიო ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბის დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიო ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ.

ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში ხაზის მოთამაშეები ჰყავთ“.

შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდი ამ ეტაპისთვის კარგადაა მომზადებული.

„მსოფლიო ჩემპიონთან თამაში დიდი პატივია, მით უმეტეს ზედიზედ ორჯერ და თანაც ისე, რომ სამატჩო შემადგენლობაში 18 მსოფლიო ჩემპიონია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იგივეს ვაპირებთ. არაერთი ტრავმისა და სირთულის ფონზე, ამ ეტაპისთვის კარგად მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

ყველას კარგად ესმის, რომ გუნდი მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ ერთი კომპონენტის ხარჯზე ვერ გახდება. სამხრეთ აფრიკა ძალისმიერ რაგბთან ერთად მაღალ სისწრაფეზეც თამაშობს. ისინი საუკეთესოები არიან ყველა კომპონენტში და ამიტომაც გახდნენ ჩემპიონები. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და ველოდებით მოედანზე გასვლას“.

„ბორჯღალოსნები“ მეორე ტესტ-მატჩს „ქურციკების“ წინააღმდეგ 9 ივლისს გამართავენ.

Rugby.ge

დატოვე კომენტარი