ლევან მაისაშვილი - თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, შოტლანდიაში საინტერესო თამაში გამოგვივა
ლევან მაისაშვილი - თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, შოტლანდიაში საინტერესო თამაში გამოგვივა

23 ოქტომბერს საქართველოს მორაგვეთა ნაკრები შოტლანდიას „მარიფილდზე“ დაუპირისპირდება. ტრავმების გამო ბორჯღალოსნებს რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ – ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, რომელმაც რეაბილიტაციის პროცესი ახლახანს დაასრულა და „ბაიონს“ შეუერთდა, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისისა და შემადგენლობის შესახებ ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს“.

მთავარი მწვრთნელი საინტერესო თამაშს გვპირდება:

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“.

როგორც იცით, კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან გასამართი მატჩი, რამაც ბორჯღალოსნებს „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადებაში პრობლემები შეუქმნა:

„ამ ეტაპზე შოტლანდიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და რუსეთთან მატჩის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე არანაირი გავლენა არ ქონია. რუსეთთან შეხვედრა განიხილებოდა მოსამზადებელ ეტაპად „რვა ერისთვის“. ვგეგმავდით, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ განგვეხორციელებინა ცვლილებები. ასევე ცუდია ის, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, იძულებული ვართ ლეგიონერები კლუბებში გავუშვათ. ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაგვივარდა. დანარჩენი მორაგბეები საქართველოში ვბრუნდებით და მზადებას ადგილზე გავაგრძელებთ, ინგლისთან თამაშამდე კი, სრულფასოვნად მოსამზადებლად არასრული ერთი კვირა გვექნება“.

rugby.ge

დატოვე კომენტარი