ლევან მაისაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ წელი მოგებით დავასრულეთ და პლეი ოფის საგზურიც გავინაღდეთ #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ წელი მოგებით დავასრულეთ და პლეი ოფის საგზურიც გავინაღდეთ #1TVSPORT

„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი „თელავივ ჰითთან“ დამაჯერებელი გამარჯვებით და ზოგადად გუნდის პროგრესით კმაყოფილია.

ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერ თასის გადადებულ მატჩში, ფეთაჰ თიქვაში მეტოქეს 7 ლელო დაუდო და 52:28 დაამარცხა. „შავმა ლომმა“ ბონუს-ქულაც აიღო და აღმოსავლეთ კონფერენციას 20 ქულით ლიდერობს. ის „ენისეისთან“ გამოტოვებულ შეხვედრას თებერვალში, ან მარტში გამართავს.

ფლეი ოფში ორივე გუნდი გასულია. კრასნოიარსკელები ქართველებს 4 ქულით ჩამორჩებიან და მომავალი თამაშის შედეგზეა დამოკიდებული, ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანს“ დავუხვდებით თუ პორტუგალიაში „ლუზიტანუშსვეწვევით.

ლევან მაისაშვილი მიიჩნევს, რომ მოთამაშეებისთვის „თელავივ ჰითთან“ თამაში დიდი გამოცდილება იყო:

„არაერთხელ მითქვამს, რომ „ჰითი“ მაღალი ხარისხის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და მათ წინააღმდეგ თამაშით მორაგბეები უფრო მეტ გამოცდილებას იღებენ, ვიდრე დანარჩენ შეხვედრებში. „შავი ლომი“ ნაკრების სიძლიერეს ემსახურება და მნიშვნელოვანია მოთამაშეებმა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. ვთვლი, რომ ძალიან ბევრი მათგანისთვის „თელავივ ჰითის“ წინააღმდეგ თამაში კარგი შესაძლებლობა იყო“.

მაისაშვილი კმაყოფილი დარჩა თამაშის ხარისხითაც, მითუმეტეს, რომ გუნდმა კაპიტნის, მერაბ შარიქაძის გარეშე ითამაშა:

„მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ და დაგეგმილი ბონუსიც ავიღეთ. მნიშვნელოვანია, რომ წელი მოგებით დავასრულეთ და პლეი ოფის საგზურიც გავინაღდეთ. დავდეთ როგორც ძალისმიერი, ასევე ღია თამაშიდან საკმაოდ ლამაზი ლელოები. ხაზგასასმელია, რომ ეს გამარჯვება კაპიტნის გარეშე მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდში გვყავდეს რამდენიმე ლიდერი და დამოკიდებული არ ვიყოთ ორ-სამ მოთამაშეზე. მთლიანობაში, აგვისტოდან დღემდე დიდი სამუშაო ჩატარდა, რისთვისაც მადლობა მწვრთნელებს და მოთამაშეებს. წელიწადს გამარჯვებით ვასრულებთ და სამომავლოდ უფრო მრავალფეროვანი გეგმები გვაქვს“.

Rugby.ge