ლევან მაისაშვილი „ლუზიტანუშთან“ ფინალური მატჩის წინ - „შავ ლომს“ პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი „ლუზიტანუშთან“ ფინალური მატჩის წინ - „შავ ლომს“ პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს #1TVSPORT

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალური მატჩის წინ, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდა.

სუპერ თასი წელს პირველად იმართება და 9 თვის წინ დაარსებულ „შავ ლომს“ ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს, თუმცა იგივე ითქმის მეტოქეზე, პორტუგალიურ ფრენჩაიზლუზიტანუშზე“, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრების წევრებითა და კანდიდატებითაა დაკომპლექტებული.

თამაში ლისაბონში იმართება, რადგან ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, დასავლეთ კონფერენციის ჯგუფში ექვსივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და დებულების თანახმად, მასპინძლობის უფლება მოიპოვა. „ლუზიტანუშმა“ ნახევარფინალში „თელავივ ჰითს“ უმასპინძლა და 42:26 სძლია, „შავმა ლომმა“ კი ესპანურ „იბერიანს“ 43:40 აჯობა.

ჩვენი გუნდის 33-ვე წევრი თავს კარგად გრძნობს და გასულ კვირაში ყოველდღიურ რეჟიმში ვარჯიშობდა, თამაშის კვირაში კი, მზადების დასკვნით ეტაპზე შეკრებაზე შევიდა. „შავი ლომი“ პორტუგალიაში 5 მაისს მიემგზავრება, მეორე დღეს კაპიტნის ვარჯიშს გამართავს, ფინალური შეხვედრა კი 7 მაისს, საქართველოს დროით 18 საათზე დაიწყება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ „შავ ლომს“ მეტოქის დაჯაბვნა ყველა კომპონენტში შეუძლია, თასს კი ის გუნდი შემართავს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს:

„ფინალი თავისი არსით სპეციფიკურია და გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. დიდ დროს ვუთმობთ მეტოქის თამაშის ანალიზს და უფრო დიდ დროს ჩვენს თამაშს. ვიცით, რომ პორტუგალიელები ძლიერები არიან არეულ, სწრაფ თამაშში. ამიტომ მნიშვნელოვანია მოთმინება, დისციპლინა და ნაკლები შეცდომის დაშვება. „შავ ლომს“ პირველი ტიტულის მოგების შანსი აქვს და ამისათვის სრული სერიოზულობით ვემზადებით“.

„მეტოქის დაჯაბნა ყველა კომპონენტში შეგვიძლია, როგორც ძალისმიერ, ასევე ტექნიკურ თუ ტაქტიკურ ასპექტში. მთავარია ჩვენი გეგმა ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ. განვლილი თამაშების შედეგები აჩვენებს, რომ „ლუზიტანუში“ კარგი გუნდია, მან ორჯერ დაამარცხა „იბერიანსი“ და ფინალსაც საკუთარ მოედანზე მართავს. ის იმავე პრინციპითაა დაკომპლექტებული, როგორითაც „შავი ლომი“, მრავლად ყავს პორტუგალიის ნაკრების მოთამაშეები, თუმცა ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ“.

rugby.ge

დატოვე კომენტარი