ლევან მაისაშვილი - გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ გულშემატკივრობას სათანადო შედეგით ვერ ვუპასუხეთ #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ გულშემატკივრობას სათანადო შედეგით ვერ ვუპასუხეთ #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ უელსთან მატჩსა და მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ გამოსვლის შესახებ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი – „რთულია, მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა მოკლედ შევაფასო, თუმცა კმაყოფილების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ტურნირის დაწყებამდე მიზნად ორი თამაშის მოგება დავისახეთ, რაც ვერ ვერ შევასრულეთ. თუმცა დადებითი მხარეებიც იყო, თუნდაც ის, რომ ოთხივე შეხვედრა მოსაგებად ვითამაშეთ და ნაადრევად არცერთში დავნებებულვართ. ვფიქრობ, ეს ქომაგმაც დაინახა.

რაც შეეხება უელსთან მატჩს. პირველ ტაიმში მეტოქეს საშუალება მივეცით უპირატესობა მოეპოვებინა. პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები მეორე ნახევარში მეტ-ნაკლებად გამოვასწორეთ, მომენტებიც შევქმენით და ქულებიც მოვიპოვეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ.

მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობის შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ამას უფრო ვრცელი და საფუძვლიანი ანალიზი სჭირდება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელთა მხარდაჭერასაც ყველა თამაშზე ვგრძნობდით. გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ გულშემატკივრობას სათანადო შედეგით ვერ ვუპასუხეთ.

ვფიქრობ, გუნდი კარგად იყო შეკრული, მაგრამ ჩვენი თამაში ქულებში ვერ ავსახეთ, თუმცა ეს აუცილებლად გამოსწორდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს“.

მერაბ შარიქაძე – „ყველაფრის მიუხედავად, უელსთან თამაშის მოგება შეგვეძლო. მსაჯობაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამის განსჯა გულშემატკივრისთვის მიმინდვია. მეამაყება, რომ ყველა თამაშში ბოლომდე თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ. მინდა, მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს და აქვე მათ ბოდიშსაც მოვუხდი. გპირდებით, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“.