ლევან მაისაშვილი - ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავს და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან
ლევან მაისაშვილი - ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავს და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან

დუბლინში „ავივაზე“ ირლანდიასთან ნაბრძოლმა ბორჯღალოსნებმა ორშაბათს დაისვენეს, სამშაბათს დაბალი ინტენსივობით ივარჯიშეს და უმეტესი ყურადღება ძალების აღდგენას დაეთმო.

საქართველო 5 დეკემბერს ედინბურგში ფიჯის, „შემოდგომის ერთა თასზე“ მე-7 ადგილისთვის ერკინება.

„რადგან ირლანდიას კვირას ვეთამაშეთ, მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად ჩვეულებრივზე ერთი დღით ნაკლები გვაქვს. რადგან ტურნირის ბოლო კვირაა, ძალების აღდგენაზე ვართ ფოკუსირებული და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ დეტალები. გვაქვს დაბალი და საშუალო ინტენსივობის ვარჯიშები“, – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

 

ნაცნობი ფიჯი

საქართველო ფიჯის ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ ეთამაშა და ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. მაგრამ წელს სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და მას შემდეგ კუნძულელებს ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებიათ.

კოვიდ-ინფექციის გამო, ფიჯიმ „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთი მატჩი ვერ ჩაატარა. სათამაშო პრაქტიკის არქონა ერთის მხრივ პრობლემაა, თუმცა მას მეორე მხარეც აქვს:

„სისტემური რაგბი ფიჯის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა და არა მგონია მათ შეტევას უთამაშებლობა დაეტყოს. ფიჯის ბრწყინვალე ინდივიდუალისტები ჰყავს, რომლებიც დასვენებულები არიან და თუ თამაშის საშუალება მივეცით, დიდ საფრთხეს შეგვიქმნიან.

მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, ფიჯის არ უთამაშია და არ ვიცით რას შემოგვთავაზებენ სისტემურად და ტაქტიკურად.

მთლიანობაში, ჩვენთვის ნაცნობი გუნდია, კარგად ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შევძლებთ ამის გამოყენებას, თამაშში გამოჩნდება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტატიკურ ფაზებს, დერეფანს და შერკინებას, შეჯგუფებებში დომინირებას და თუ აქ კარგად ვიქნებით, მოგებას შევძლებთ.

ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ბურთზე კონტროლი. თუ ფიჯის ისევე დავუთმობთ ბურთს, როგორც ირლანდიას, ძალიან გაგვიჭირდება. ვეცდებით თამაში მეტოქის ნახევარზე გადავიტანოთ და იქ ვიბრძოლოთ“.

rugby.ge

დატოვე კომენტარი