ლევან მაისაშვილი - „ჩელენჯ თასზე“ ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია, ღირსეულად ვითამაშოთ #1TVSPORT
ლევან მაისაშვილი - „ჩელენჯ თასზე“ ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია, ღირსეულად ვითამაშოთ #1TVSPORT

9 დეკემბერს პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში სადებიუტო შეხვედრას ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

ამ მატჩისთვის „შავი ლომი“ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადება. მომავალ თამაშსა და გუნდის მზადებაზე მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

„მეტოქის თამაშის ანალიზი გავაკეთეთ და შესაბამისად ვემზადებით. ამ დონის გუნდთან „შავ ლომს“ ჯერ არ უთამაშია. მოწინააღმდეგე პრემიერშიფის წარმომადგენელია. „ჩელენჯ თასსა“ და რაგბი ევროპის სუპერთასზე მონაწილე გუნდებს შორის დიდი განსხვავება – აქ შეცდომა უფრო ძვირად ფასობს, დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას, ბალანსს შეტევასა და დაცვას შორის.

ამ ტურნირზე ჩართვა ქართული რაგბის დიდი დაფასებაა და მნიშვნელოვანია, ღირსეულად ვიასპარეზოთ. ჩვენი გუნდის მორაგბეებისთვის ეს არის შანსი, ითამაშონ ვარსკვლავების წინააღმდეგ და აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები.

იმედი გვაქვს, 9 დეკემბერს „მიხეილ მესხზე“ გულშემატკივარი მრავლად მოვა და გვიქომაგებს. გუნდი სულ სხვა ეტაპზე გადადის, პროფესიულ კლუბად ყალიბდება, სხვა ხარისხის თამაშები ელოდება – ეს არის გზა შემდგომი განვითარებისთვის“.

„გლოსტერთან“ თამაშის წინ „შავი ლომის“ გაფართოებულ შემადგენლობას ოთხი მოთამაშე დაემატა. ესენი არიან გელა მახარაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, ალიკო შამილიშვილი და საბა კურტანიძე.

„სამწვრთნელო შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება „დიდი ათის“ შეხვედრებს და არაა გამორიცხული, სამომავლოდ გაფართოებულ რაზმში სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდნენ. პერიოდულად ვიმატებთ 20-წლამდელთა ნაკრების მორაგბეებს, რაც მათთვისაც საინტერესო გამოცდილებაა და ჩვენთვისაც კარგია. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველას მოუწევს თამაში, მაგრამ „შავი ლომის“ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა უკვე დიდი აღიარებაა.

ჯგუფში რომელიმე თამაშის მოგება ურთულესი ამოცანა იქნება, თუმცა ვეცდებით, მაქსიმალურად ხარისხიანი რაგბი ვითამაშოთ და უძლიერეს მეტოქეებთან ძალები მოვსინჯოთ, ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვნახოთ, რას ეყოფა ეს მაქსიმუმი. აქ გამოჩნდება, რამდენად ვართ მზად, თუმცა დარწმუნებული ვარ, „ჩელენჯ თასზე“ სტაბილურად მონაწილეობის შემთხვევაში, სამომავლოდ ჯგუფიდან გასვლაც რეალური იქნება. ამ ეტაპზე კი ეს ურთულესი ამოცანაა“, – ამბობს „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი.