ლევან მაჭავარიანი - მუშაობაში ხელს არავის ვუშლით, უბრალოდ, უნდა დაგვარწმუნონ, რომ თანხები, რაც „ენჯეობს“ ერიცხებათ, ხმარდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და არა ძირის გამომთხრელ პოლიტიკას
ლევან მაჭავარიანი - მუშაობაში ხელს არავის ვუშლით, უბრალოდ, უნდა დაგვარწმუნონ, რომ თანხები, რაც „ენჯეობს“ ერიცხებათ, ხმარდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და არა ძირის გამომთხრელ პოლიტიკას

მუშაობაში ხელს არავის ვუშლით. უბრალოდ, უნდა დაგვარწმუნონ, რომ თანხები, რომლებიც საქართველოში „ენჯეობს“ ერიცხებათ, ხმარდება საქართველოს კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას და არა ძირის გამომთხრელ პოლიტიკას, შეტევას ჩვენს სარწმუნოებაზე, იდენტობაზე, რევოლუციური სცენარების დადგმას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და მის სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს.

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, და იმ დღიდან, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწო, ვაკვირდებით, როგორ უხეშად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკაში კონკრეტული ქვეყნის დიპლომატები. იქნებიან ესენი ელჩები თუ საგარეო საქმეთა მინისტრები. შეგნებულად არ ჩამოვთვლი, რამდენი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული ოპოზიციის მხარდასაჭერად და ანტისამთავრობო მიტინგებს უერთდებოდნენ. ევროპარლამენტარების რამდენიმე დელეგაცია იყო ჩამოსული და რამდენი ელჩის განცხადება შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც აბსურდია, ობიექტურობას არ ეფუძნება. მაგალითად, გერმანიის ელჩი ამ კუთხით გამოირჩევა. გავიხსენოთ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ელჩების დემარში, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ვკლავდით და ვაწამებდით. ერთსაც კი ბოდიში არ მოუხდია, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილს საკვების მიღება უნდა დაეწყო და კარგად გახდებოდა. ეს ყველაფერი ასეც მოხდა. დონორ ორგანიზაციებზე როდესაც ვსაუბრობთ, რომლებიც კონკრეტული ქვეყნებიდან ფინანსდებიან, USAID-ისა და NED-ის შემთხვევაში უკვე ყველაფერი გარკვეულია, ევროპაში არის „ევროპის დემოკრატიული ფონდი“. შალვა პაპუაშვილმა როცა მიმართა ევროკავშირის ელჩს, იქნებ გამოაქვეყნოთ, რას აფინანსებს „ევროპის დემოკრატიული ფონდი“ საქართველოშიო, ექვსი თვის თავზე მიიღო ბუნდოვანი პასუხი, რომ ამის გამოქვეყნება შეუძლებელი იყო. გვახსოვს დანიის ფულით დაფინანსებული ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც შეფუთეს, როგორც დემოკრატის ფესტივალი. ბოლოს ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი free მიშას ბანერებით იყო მოწყობილი. მაგალითად, დღესაც გიგაურის „ენჯეო“, USAID-თან ერთად, შვედეთის ფულითაც ფინანსდება. ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს.

მუშაობაში ხელს არავის ვუშლით. უბრალოდ, უნდა დაგვარწმუნონ, რომ თანხები, რომლებიც საქართველოში ირიცხება, „ენჯეოებს“ ერიცხებათ, ხმარდება საქართველოს კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას და არა ძირის გამომთხრელ პოლიტიკას, შეტევას ჩვენს სარწმუნოებაზე, იდენტობაზე, რევოლუციური სცენარების დადგმას. USAID-თან დაკავშირებით იმასაც შეგახსენებთ, რომ, გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, მარტო საარჩევნო პერიოდში დაახლოებით 41 თუ 42 მილიონი დოლარი დახარჯეს რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენ ვართ შემდგარი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ყველამ უნდა სცეს პატივი. ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ USAID-სა და NED-თან დაკავშირებით საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული გამოავლინა. მათ თაღლითებს უწოდებს და დოკუმენტების, მტკიცებულებების, ფაქტების საფუძველზე ადასტურებს, რომ დანიშნულებისამებრ არ იხარჯებოდა ფული, რასაც მას უხდიდნენ ამერიკელი გადამხდელების ჯიბეებიდან. ათობით მილიარდ დოლარზეა საუბარი. როგორც მარკო რუბიომ განაცხადა, მხოლოდ 12% ხმარდებოდა დანიშნულებას, დანარჩენი ხმარდებოდა დაწყებული ტერორიზმის დაფინანსებიდან, ათეიზმის გავრცელებით გაგრძელებული და რევოლუციების მოწყობით დამთავრებული. ეს მტკიცებულებებით, ფაქტებითაა დოკუმენტურ დონეზე დამტკიცებული. ჩვენთან დარეგისტრირებულია ათასამდე „ენჯეო“ და ამ რიცხვში არიან ისეთი „ენჯეოები“, რომლებიც საქართველოში მართლა კეთილ საქმეს ემსახურებიან. ამიტომ არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ რომელიმე ასეთი „ენჯეო“ შანტაჟის ქვეშ თუ მოექცევა, დაფინანსება შეუწყდება, შეიქმნება საგრანტო პროგრამა და სახელმწიფოსგან მიიღებენ იმ დაფინანსებას, მაგრამ არის ათეულობით ძალიან მავნებელი „ენჯეო“, რომლებსაც კოლექტიურ გიგაურებს და ლომჯარიებს ვუწოდებთ. ისინი პირდაპირ ემსახურებიან ჩვენი სუვერენიტეტის რღვევასაც, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობასაც, ლგბტ პროპაგანდის გავრცელებასაც, ჩვენი ქვეყნის იდენტობის დაზიანებასაც, საპატრიარქოს რეპუტაციის შერყევასაც და იმ ყველაფერს, რაც არაქართულია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.