ლევან მაჭავარიანი - ჯინ შაჰინის აბსურდული განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც ვსაუბრობდით, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია, ისინი თაღლითს ხელს აფარებენ
ჯინ შაჰინის აბსურდული განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, „ისინი უკვე ყველა ზღვარს სცდებიან, რათა თავისი აგენტი დაიცვან“.
„ბატონი ბაჩიაშვილი თაღლითობაშია მსჯავრდებული და ისინი თაღლითს ხელს აფარებენ. კარგად გადაავლონ თვალი, რა მაღალ დონეზე ჩატარდა ეს ღონისძიება, რითიც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ საქართველო შემდგარია როგორც სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის აღსრულება მოხდა ძალიან მაღალი სტანდარტით.
„მეგობარი აქტი“ ინერციით მოჰყვება წინა ადმინისტრაციიდან. წინა ადმინისტრაციასთან, სამწუხაროდ, ურთიერთობები გაფუჭდა არა ჩვენ გამო. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმუშავა ყოფილმა ელჩმა. კარგად გახსოვთ, მეთიუ მილერის ყოველდღიური გამოსვლა საქართველოს შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის გავრცელებით. ეს ყველფერი იქიდან ინერციით არის წამოსული. ჩვენთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პარლამენტშიც მივიღეთ ამასთან დაკავშირებით დადგენილება, სადაც ჩვენ ფაქტებითა და მტკიცებულებებით დადასტურებული გვაქვს, რამდენი აბსურდი წერია ამ აქტში და არ ეფუძნება ფაქტობრივ მოცემულობებს. მიიღებენ თუ არ მიიღებენ, დრო გვაჩვენებს. ეს აქტი მიღებული იქნება თუ არა, ტრამპი ხელს მიაწერს-არ მოაწერს იმას, რაც იქ წერია, ბატონ ტრამპს ორი თვის წინაც ჰქონდა ამ ყველაფრის აღსრულების უფლება, დღესაც აქვს და ხვალაც ექნება, ამ აქტის გარეშეც“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა კიდევ უფრო მხდალი ხდება, გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.