ლევან მაჭავარიანი - ევროპარლამენტის ანგარიშში მედიასთან დაკავშირებით გაჩენილი ჩანაწერი არის ლუსტრირება, თუ როგორ გულშემატკივრობენ საქართველოში თავიანთი აგენტურის ხელისუფლებაში მოსვლას
ლევან მაჭავარიანი - ევროპარლამენტის ანგარიშში მედიასთან დაკავშირებით გაჩენილი ჩანაწერი არის ლუსტრირება, თუ როგორ გულშემატკივრობენ საქართველოში თავიანთი აგენტურის ხელისუფლებაში მოსვლას

ეს ყველაფერი არის გამოწვეული იმით, რომ 2022 წელს ჩვენ უარი განვაცხადეთ, გამოყენებული ვყოფილიყავით პროქსი სახელმწიფოდ და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მათ ვერ მოინელეს, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რას უკავშირებს ბრიუსელში დღეს დამტკიცებულ ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებული სიმწვავით გამორჩეულ ანგარიშს.

„ზუსტად იმ დღიდან იწყება ეს დეზინფორმაცია, იმ დღიდან იწყება ჩვენი ხელისუფლების ლანძღვა, იმ დღიდან იწყება საუბრები რაღაც დემოკრატიის უკუსვლაზე და იმ დღიდან იწყება ორმაგი სტანდარტების გაშლა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ანგარიშში მედიასთან დაკავშირებით გაჩენილი ჩანაწერი არის ლუსტრირება, თუ რას გულშემატკივრობენ ისინი საქართველოში და როგორ გულშემატკივრობენ თავიანთი აგენტურის ხელისუფლებაში მოსვლას.

„ფაქტობრივად, გააჩინეს ჩანაწერი, რომ უნდა დასანქცირდეს უკვე ამ შემთხვევაში არა მხოლოდ „იმედი“ და არა მხოლოდ „პოს ტვ“, არამედ „რუსთავი 2“-იც უნდა დასანქცირდეს. თქვენზე ისე ვერ გაბედეს ღიად, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხართ, თუმცა, მაინც ხელმძღვანელი პირები შეიყვანეს. ანუ, ფაქტობრივად, პირდაპირ საუბრობენ, რომ მოდი, დავტოვოთ საქართველოში მარტო „tv პირველი“ და „ფორმულა“. ეს ხომ ილუზია არ არის, ეს ხომ მანდ წერია? კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი გულშემატკივრობენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“; ისინი გულშემატკივრობენ იმას, რომ ფუნქციონირებდეს მხოლოდ „tv პირველი“ და ფუნქციონირებდეს „ფორმულა““, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევროჩინოვნიკებმა ვერ მოინელეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით მათ ხელიდან გამოაცალა შავი ფულის ტრიალის საშუალება და მათ მიერ მართული ენჯეოორგანიზაციების, ლომჯარიას, გიგაურების და მსგავსი ენჯეოორგანიზაციების ხელით საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალება.

„მეორე, რაც ვერ მოინელეს, არის „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის“, ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონი, სადაც წერია, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია. სხვანაირად ვერ იქნება და სადაც წერია, არის პროპაგანდირება იმის, რომ სქესი, შეიძლება, შეიცვალოს ადამიანმა და ასე შემდეგ, მსგავსი სიმახინჯეები და სისულელეები არის აკრძალული ბავშვებში, მით უმეტეს, სკოლებში და ბაღებში. ვერ მოინელეს იქიდან გამომდინარე, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელ ევროკავშირში დღის წესრიგში არის პირდაპირ ეს რაღაც ულტრამემარცხენე იდეოლოგია, რომელიც ჩვენთვის არის სიმახინჯე. ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს საქართველოში 2017 წლიდან, ყველა უმცირესობის უფლება არის დაცული, ასევე სექსუალური უმცირესობის უფლებები არის დაცული და ვისაც რა უნდა, ის აკეთოს საკუთარ სახლში. ეს ჩვენი საქმე არ არის, არ ვერევით და არასდროს არ ჩავერევით, მაგრამ იმის პროპაგანდირება, რომ კაცი, შეიძლება, გახდეს ქალი და პირიქით, არის დაუშვებელი, ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ ევროკავშირის ლიდერებს არაერთხელ აქვთ დაფიქსირებული, რომ არავინ არ სთხოვს თუნდაც კანდიდატ ქვეყნებს და წევრობის მსურველებს მსგავს ინიციატივებს, რაზეც ლევან მაჭვარიანმა უპასუხა:

„თუ არავინ არაფერს არ ითხოვს და ეს „ქართული ოცნების“ მოგონილი საფრთხეა, მაშინ თავი დაგვანებონ. თუ ეს კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ რაღაც, ასე ვთქვათ, ილუზიებში ვიმყოფებით ჩვენ და არანაირი საფრთხე არ არსებობს სამომავლოდ, თავი დაგვანებონ. რატომ აწუხებთ მაშინ ეს კანონი, თუ ეს კანონი არაფერს არ იცავს და არაფერს არ ებრძვის, მაგ შემთხვევაში რატომ აწუხებთ ეს კანონი ასე? მარტივი კითხვა არის. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ტენდენციები არის მსოფლიოში, მით უმეტეს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რაც არის ძალიან სამწუხარო და, შესაბამისად, დღეს რომ რაღაც პრობლემა არ დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენ ვართ პასუხისმგებელიანი ხელისუფლება და ვალდებული ვართ, ყველანაირი პოტენციური, თეორიული რისკი, რაც შეიძლება მომავალში დადგეს, გადავაზღვიოთ. იმავეს ეუბნებოდნენ პოლონეთშიც – არა, ერთსქესიანთა ქორწინებას ჩვენ არავის არ ვავალდებულებთო. პოლონეთს ეს ჰქონდა კანონით აკრძალული. შემდეგ პოლონელმა წყვილმა იქორწინა გერმანიაში, სადაც ეს კანონია დაშვებული და ევროკავშირის სასამართლომ დაავალდებულა პოლონეთი, რადგან ისეთ ქვეყანაში იქორწინეს, რომელიც ასევე ევროკავშირის სივრცეშია და იქ ეს კანონით არის დაშვებული, ახლა თქვენც უნდა დაარეგისტრიროთ ეს წყვილი, როგორც ცოლ-ქმარიო. ორ გეი წყვილზე არის საუბარი. ღმერთმა ხელი მოუმართოს იმ ცოლ-ქმარსაც, იმათ ოჯახსაც, პოლონეთსაც და გერმანიასაც ზემოდან, მაგრამ ჩვენთან ასეთი რაღაცები არ მოხდება“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, როცა საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლებას ანტიდასავლური რიტორიკა აქვს, ეს ასე არ არის, საქართველოს ხელისუფლება არის თავმოყვარე ერის თამოყვარე ხელისუფლება და ვალდებულია, არგუმენტირებული პასუხები გასცეს, თუმცა წითელ ხაზებს არ კვეთს.