ლევან მაჭავარიანი – აშშ-ის საელჩოდან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით განცხადება ვინც გააკეთა, საკითხს კარგად არ იცნობს ან შეცდომაში იყო შეყვანილი
ნებისმიერი შეგნებული ადამიანისთვის ძალიან მარტივია საზღვრის გავლება, რაზე შეიძლება ხუმრობა და რა დროს გადადის ხუმრობა შეურაცხყოფაში. ასევე, რა შეიძლება, აკრიტიკო, რა დოზით და რა შემთხვევაში გადადის ეს ყველაფერი ღირსების შელახვაში. ეს ყველასთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია, გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის აქვს.
„წლების განმავლობაში უცხოეთიდან ფინანსდებოდა და ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და „ფეისბუქი“ გაჯერებული იყო ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით, ღირსების შელახვით. ყველანაირი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა საქართველოში ეს ყველაფერი შეწყდეს – ექსტრემიზმი, პოლიტიკური ტერორიზმი თუ ფაშიზმი. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი როგორი პოლიტიკური გემოვნების და რომელი პარტიის მხარდამჭერია. ვერავინ დაგვძრახავს, რომ ცალმხრივად მუშაობს სამმართველო ან სასამართლო მიკერძოებულია, ვინაიდან ჯარიმები ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ადამიანის მიმართ იწერება, რომელიც „ფეისბუქზე“ ზიზღის, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენით გამოირჩევა. ეს სამმართველო რაც ამოქმედდა და სასამართლომ ჯარიმების გამოწერა დაიწყო, ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ და სუძულვილის ენა სოციალურ ქსელებში საგრძნობლად შემცირებულია. რა თქმა უნდა, განულებული არ არის და იმის ილუზია არავის აქვს, რომ ასე მოკლე დროში ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე შეწყდება, თუმცა წლების განმავლობაში სრულიად აღმოფხვრილი იქნება. ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია, გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის აქვს. ეს ზღვარი ძალიან მკაფიოა და სხვა ადამიანის შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ოპოზიცია, აგენტურა როდესაც ამით აპელირებს, ისინი ცდილობენ, საკუთარი მომხრეები ტყუილში შეიყვანონ. კრიტიკის უფლება ყველას აქვს, თუმცა საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის მიყენების უფლება არავის უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აპროტესტოს, რაც სურს, უბრალოდ ამას გინებით ნუ იზამს. რაც გინდა, ის დაწერე ბანერზე და როგორც გინდა, აკრიტიკე ადამიანი, მაგრამ ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი ტექსტები საჯარო სივრცეში კანონით დაუშვებელია. ვინც ნორმად მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში სხვა ადამიანისთვის ღირსების შელახვა, გინება, ლანძღვა ნორმალურია, ამ ადამიანმა თავის მორალურ კომპასს უნდა გადახედოს. სიძულვილის ენა აგენტურული ოპოზიციის, მათი მედისაშუალებების და „ენჯეოების“ მხრიდან გამოიყენება, რათა საზოგადოებაში მეტი პოლარიზაცია მოხდეს. მკვეთრი შემცირებისკენ როდესაც წავა სიძულვილის ენა საჯარო სივრცეში, თავის მხრივ, ეს მოეხმარება პოლარიზაციის შემცირებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ამასთან, ლევან მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საელჩოდან ვინც ეს განცხადება გააკეთა, ან საკითხს კარგად არ იცნობს, ან, შეიძლება, კითხვა იმგვარად იყო დასმული, რომ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანეს. სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის ძალიან დიდი სხვაობა არსებობს. ვის თუ არა, ამერიკის საელჩოს ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგად უნდა მოეხსენებოდეს. ნებისმიერი შემთხვევისას, რომელიც სასამართლოს მხრიდან დაჯარიმებით იყო დასრულებული, ყველგან იკვეთება საჯარო სივრცეში შემზარავი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან მეორეზე. ეს მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვისაც ეს მიუღებელი უნდა იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიმართულებით დღეს, შეიძლება, პრობლემები არსებობდეს, თუმცა ამაზე საუბარს არ ვაპირებთ, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ნორმალიზების პროცესშია და ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობაა. აქედან გამომდინარე, მეტ სიღრმეში არ შევალ, თუმცა ვინც ეს განცხადება გააკეთა, ან საკითხს არ იცნობს კარგად, ან შეცდომაში იყო შეყვანილი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.