ლევან მაჭავარიანი – ბრიუსელის მხრიდან სამარცხვინო საქციელია, როდესაც არ აფასებენ იმ უმსგავსობას, რაც პოლონეთში ხდება, იმას, რა ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ სასამართლო ხელისუფლების მიტაცებას
ბრიუსელის მხრიდან სამარცხვინო საქციელია, როდესაც შეფასებას არ აკეთებენ იმ უმსგავსობაზე, რაც ახლა პოლონეთში ხდება – იმაზე, რა ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ სასამართლო ხელისუფლების მიტაცებას, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ეს არ უნდა გვიკვირდეს, რადგან ორი წლის წინ ვნახეთ, ბრიუსელის დავალებით როგორ მოიქცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო.
„მაშინ ბრიუსელს საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვება არ აწყობდა და საკონსტიტუციო სასამართლოს დაავალა, აეკრძალა ამ კანდიდატისთვის მეორე ტურში მონაწილეობა. მაშინ ევრობიუროკრატების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ერთადერთი, ვინც ბრიუსელი და რუმინეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია იყო. მან განაცხადა, რომ ეს სასამართლო ხელისუფლებაში უხეში ჩარევა იყო, რადგან ბრიუსელს არ აწყობდა კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში დემოკრატიული გზით გაიმარჯვა. სამწუხაროდ, ბრიუსელისგან ასეთ დამოკიდებულებას მიჩვეული ვართ“, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პოლონეთში კრიზისი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას უკავშირდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის მოსამართლემ, ანა კორვინ-პიოტროსკამ, როგორც უწყებაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე მოსამართლემ, წინა ხელისუფლების დროს, „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ მმართველობის პერიოდში დანიშნული ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი და მისი მოადგილე ბართლომეი სოხანსკი ერთი თვით თანამდებობიდან გადააყენა და ეს სიახლე უწყების ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 30 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან მისული პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის კორტეჟს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ. პოლიცია ცდილობდა, საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში არც პრეზიდენტი და არც ოპოზიციური „კანონისა და სამართლიანობის პარტიის“ წარმომადგენლები შეეშვა. შეტაკება იყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორისაც. საბოლოოდ ნავროცკიმ სასამართლოს შენობაში შესვლა შეძლო. ამასთან, პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალთან განვითარებული მოვლენების გამო კაროლ ნავროცკი პარლამენტის წარმომადგენლებთან სასწრაფო კონსულტაციებს იწვევს.