ლევან კორღალიძის პირველი კომენტარი - „საბურთალოს“ წინადადება მკვეთრი და კონკრეტული იყო
ლევან კორღალიძის პირველი კომენტარი - „საბურთალოს“ წინადადება მკვეთრი და კონკრეტული იყო

ლევან კორღალიძემ, რომელმაც საფეხბურთო კლუბ „საბურთალოში“ მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე შეცვალა, დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.

„მთავარი, რის გამოც „საბურთალოს“ წინადადებას დავთანხმდი, იყო ის მკვეთრი და კონკრეტული შემოთავაზება, რაც გუნდის ხელმძღვანელობისგან წამოვიდა. ამ გუნდს დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ 16 წლის განმავლობაში საქართველოს სამივე ტიტულის მფლობელი გახდა – იყო ჩემპიონი, მოიგო საქართველოს თასი და წელს – სუპერთასიც. გუნდში სერიოზული ფუნდამენტია ჩაყრილი და ფეხბურთელების სახით კარგ კაპიტალს ფლობს – ამისთვის ჩემს წინამორბედებს, გიორგი ჭიაბრიშვილსა და თემურ შალამბერიძეს მადლობას ვუხდი. ეს იყო მოტივი, რის გამოც გუნდში მუშაობის სურვილი გამიჩნდა. ამავე დროს, ძალიან მომწონს ის ფეხბურთი, რომელსაც ეს გუნდი ამკვიდრებს,“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძე.

ლევან კორღალიძე გუნდს პირველად 21 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში გაუძღვება – საქართველოს თასის მერვედფინალში „საბურთალო” მიხეილ მესხის სტადიონზე, 15:30 საათზე „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება. საბურთალოელთა ახალი დამრიგებლის თქმით, გუნდს თამაშამდე სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა.

კოხრეიძის ტრავმის ამბავი ცნობილია. დაშავებულები სხვებიც არიან, ახლახანს კი მათ ტაბატაძეც დაემატა. შორს ვიყურები და მომავალზე ვფიქრობ. თუმცა ახლა ეს კონკრეტული თამაშია და პრობლემების მიუხედავად, ბოლომდე დავიხარჯებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ,“ – აცხადებს კორღალიძე.