ლევან კორღალიძე - „საბურთალოში“ ცვლილებები მტკივნეულია, მაგრამ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით
ლევან კორღალიძე - „საბურთალოში“ ცვლილებები მტკივნეულია, მაგრამ კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით

2020 წლის სეზონის დასრულების შემდეგ „საბურთალოში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა – გუნდი ბევრმა ლიდერმა დატოვა და ბევრი ახალწვეულიც დაიმატეს.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე საქართველოს პირველ არხთან ამბობს, რომ გუნდის განახლება აუცილებელი პროცესი იყო.

„შემადგენლობის შეცვლა ჩემი პრეროგატივა იყო და ეს გადაწყვეტილება მივიღე. ბიჭებს, რომლებიც გუნდში იყვნენ, მადლობა ეკუთვნით. მაგრამ ვფიქრობდი, რომ მათ საქართველოს დონეზე საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეს და უფრო მაღალ დონეზე თამაში სურდათ. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შევთანხმდით, რომ გუნდში აღარ უნდა ყოფილიყვნენ და ახალი გუნდის შენება დავიწყეთ. ჩემი აზრით, ეს საჭირო და დადებითი ცვლილებები იყო. ხელმძღვანელობაც დამეთანხმა და ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძემ.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს იოლი პროცესი არ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილების სისწორის სჯერა: „მე კარგად მესმის, რომ ეს იოლი და უმტკივნეულო პროცესი არ იქნება. მაგრამ მიმაჩნია, რომ ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით და „საბურთალო“ მაღალი ადგილისთვის იბრძოლებს. ყველა თამაშზე მაქსიმალურად დავიხარჯებით და შევეცდებით, გუნდის სტილი შევინარჩუნოთ, რადგან ჩემი ფილოსოფიაც ასეთია. მთავარი შედეგია და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“.

დატოვე კომენტარი