ლევან კორღალიძე - მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე, თურქულ „ბაშაქშეჰირთან“ შეხვედრამდე თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება.
მათ ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ჩვენ გვყავს ნაკლები დონის ფეხბურთელები. შევეცდებით, ინიციატივა მეტოქეს არ დავუთმოთ. ჩვენ ხვალ აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.
ჩვენთვის გულშემატკივარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მთავარი მოტივაცია მათი გახარებაა. რაღაც იმედი გავაჩინეთ ქართულ საკლუბო ფეხბურთში და მჯერა, რომ საქართველოში ევროთასების სეზონი კიდევ გაგრძელდება“, – ამბობს ლევან კორღალიძე.
„იბერია“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებს შემორჩა. თბილისელები „ბაშაქშეჰირს“ თბილისში 8 აგვისტოს, 20:00 საათზე უმასპინძლებენ, ხოლო 15 აგვისტოს სტამბულში ითამაშებენ.
მატჩის დაწყებამდე ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალს გულშემატკივარს წარუდგენს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ მესხის სტადიონზე 19:45 საათზე გავა.