ლევან კობიაშვილმა ახალ პარტნიორსა და ფუსტალის ნაკრებზე ისაუბრა - მონაწილეობა არ გვაკმაყოფილებს, შედეგი გვინდა #1TVSPORT
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა ეკიპირების მწარმოებელ ფირმა „მაკრონთან“ თანამშრომლობაზე, რომლის ფორმითაც ევროპის ჩემპიონატზე ფუტსალის ნაკრები ითამაშებს.
„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება „მაკრონის“ სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია და ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.
გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით შეიმოსება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ფორმაში ჩვენი იდენტობა აისახება. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ საქართველოს ნაკრებს ეცმევა.
მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ეროვნული ნაკრები უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. სასიხარულოა, რომ „მაკრონთან“ ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა,“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
სფფ-ის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრებზეც, რომელიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ნიდერლანდებში გაემგზავრა.
„ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ცხადია, რომ მხოლოდ მონაწილეობა არ გვაკმაყოფილებს, შედეგი გვინდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ვიცით, რა დონის მოწინააღმდეგეები გვეყოლება, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ და იმედია ჩვენი მოლოდინი გამართლდება,“ – ამბობს კობიაშვილი.