ლევან კობიაშვილი უეფა-ს სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს
ლევან კობიაშვილი უეფა-ს სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს

ლევან კობიაშვილი უეფა-ს ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მიიწვიეს. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, ფრანკფურტში გამართულ სხდომას უეფას ნაციონალურ ასოციაციებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრის რანგში ესწრებოდა.

სხდომაზე სულ კომიტეტის 6 წევრი მიიწვიეს, რომელსაც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. სამუშაო ჯგუფის საუბრის თემა ევროპარლამენტის მიერ გასულ წელს განხილული რეზოლუცია – „ფეხბურთის კარგი მმართველობა“ იყო.

სხდომაზე საუბარი შეეხო თანამედროვე ფეხბურთში არსებულ აქტუალურ თემებს, მათ შორის: საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტს, საფეხბურთო ორგანიზაციების ურთიერთობას სხვადასხვა სპორტულ უწყებებთან, მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და სხვა.

სამუშაოს ჯგუფის მიზანია აღნიშნული თემების გათვალისწინებით მომზადდეს სპეციალური დოკუმენტი, რომელიც ჯერ უეფას აღმასკომს წარედგინება, ხოლო შემდეგ – უეფას წევრ ყველა ასოციაციას.