ქალაქ ნიონში უეფა-ს ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ლევან კობიაშვილი დაესწრო, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც შეხვედრას 22 მაისს დუბლინში გამართავს.
ლევან კობიაშვილი უეფა-ს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. აღმასრულებელ კომიტეტში არჩევამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
სხდომის შემდეგ კობიაშვილი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ „მილანი“ 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ, სფფ-ის ინიციატივის შედეგად, 2024/25 წლების სეზონიდან ახალგაზრდულ ლიგაში უეფა-ს ყველა ასოციაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს შესაბამისი (19-წლამდე) ასაკობრივი ლიგის გამარჯვებული.