ლევან კობიაშვილი - უდიდესი ინვესტიციით 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - უდიდესი ინვესტიციით 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება #1TVSPORT

ლევან კობიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე ყრილობაზე დელეგატებთან მიმართვა უკრაინის მხარდაჭერით დაიწყო და კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა მეგობარ ქვეყანას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორების, ფიფა-სა და უეფა-ს, ასევე სოციალური და მედიაპარტნიორებისა და სპონსორების განსაკუთრებული როლი, სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობა. მადლობა სპონსორებს, მათ შორის, ეროვნული ჩემპიონატის მთავარ სპონსორს და სფფ-ის ახალ მხარდამჭერს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ ხუთწლიან თანამშრომლობას მოეწერა ხელი.

– დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმის შექმნა ლოგიკური გაგრძელება იყო იმ ნაბიჯებისა, რომელსაც ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში დგამდა და ვფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების ბრენდმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც აუცილებელი იყო ცვლილება, რომელიც იქნებოდა დროსთან ადეკვატური, თანამედროვე და ასევე, გაიზიარებდა ჩვენი რეალობის კონტექსტს და პრობლემატიკას. ახალ ტექნიკურ სპონსორთან, მაკრონთან შეთანხმებამ კი ეროვნული ნაკრებისთვის ექსკლუზიური ფორმის შექმნას საფუძველი დაუდო.

– საქართველო რუმინეთთან ერთად 2023 წლის ივლისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მხარდაჭერისთვის. ტურნირის მასპინძლობისთვის სახელმწიფოს მხრიდან უდიდესი ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 12 საფეხბურთო ობიექტი განახლდება.

– ფუტსალის ეროვნული ნაკრები წარმატებით გამოვიდა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მნიშვნელოვანია ქალთა ფეხბურთში მიმდინარე და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროექტები. ფედერაციაში მოსვლის დღიდან ჩვენთვის პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ქუთაისის აკადემია, რომელიც ფიფას-ს პროგრამა ფორვარდის დაფინანსებით შენდება და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი იქნება. მადლობა ფიფა-ს და უეფა-ს ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.