ლევან კობიაშვილი – სფერო, სადაც რეალური წინსვლა გვჭირდება, ეროვნული ლიგაა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა არის ის, სადაც გაძლიერება გვჭირდება – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა უეფას ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა.
„2025 ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო, რადგან უეფას ევრო 2024-ში მონაწილეობის შემდეგ, ჩვენ ახალ დონეზე, ახალ ეტაპს მივაღწიეთ.
ევრო 2024-ზე გასვლა მხოლოდ იღბალი არ იყო. ეს იყო შრომისმოყვარეობისა და მთელი ჩვენი საფეხბურთო მასშტაბით კარგი მუშაობის შედეგი – ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით დამთავრებული. თუ ყველა ერთად იმუშავებს, მაქსიმუმს გასცემთ ყოველდღე, ყოველ კვირას, ყოველ თვე, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატება მოვა.
დაგვეხმარა ის, რომ ძალიან კარგი თაობა გვყავს – ისეთი ცნობილი სახელებით, როგორებიც არიან კვარაცხელია, მამარდაშვილი და სხვა წამყვანი მოთამაშეები. მაგრამ, როგორც ხშირად გვინახავს, მხოლოდ კარგი მოთამაშეები საკმარისი არ არის. საჭიროა მთელი ქართული საფეხბურთო ოჯახი – გვერდში დაუდგეს, იცოდეს თავისი როლი და შეასრულოს თავისი საქმე. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იღბალი არ იყო, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
ახლა გვინდა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა და შემდეგ ტურნირზე გასვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევრო 2024 არ იყოს პირველი და უკანასკნელი. ფეხბურთი ვითარდება, ახალი პრიორიტეტები ჩნდება და, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვფიქრობთ შემდეგ სტრატეგიაზე, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ქართული ფეხბურთი ახალ დონეზეა და ახალი გამოწვევები გვაქვს.
ერთ-ერთი სფერო, სადაც რეალური წინსვლის საჭიროებას ვხედავ, არის ჩვენი შიდა ლიგა – კლუბებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ გასაუმჯობესებლად“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.