მასობრივი ფეხბურთის კვირეული გრძელდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ საფეხბურთო მოედანი ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში განაახლეს.
განახლებული სოფლის მოედანი საფეხბურთო მატჩით გაიხსნა. ბოხვაურში ქალთა გუნდების კაპიტნებიც იმყოფებოდნენ. მატჩი ადგილობრივ მოსახლეობასა და ფედერაციის წარმადგენლებს შორის გაიმართა.
„ეს ღონისძიებაც ევროპის მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა. გვიხარია, რომ მასობრივი ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საქმე კეთდება. ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს მიერ განმორციელებული მეათე პროექტია – ამ სტადიონზე კი მოსახლობა ფეხბურთს ითამაშებს და ისიამოვნებს. რამდენიმე დღის წინ მასობრივ ფეხბურთში აქტიურობისთვის უეფამ ჯილდო გადმოგვცა, რაც საქართველოს აღიარებაა. ოზურგეთში ჩვენი ყოფნაც მასობრიობის გაზრდას ემსახურება“ – ამბობს კობიაშვილი.
სფფ-ს პრეზიდენტის თქმით, სტადიონების მოვლა და მოწესრიგება ყევლა რეგიონში იგეგმება: „მოედანი ყველა სოფელშია და განახლება ყველას სჭირდება. ჩვენი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მსგავსი მოედნის მოვლა-პატრონობა და ფეხბურთში მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართვაა. ცხადია, ეს ჩვენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მაგრამ მიზანი ისაა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველა რეგიონსა და სოფელში მსგავსი ტიპის სტადიონები მაინც რომ აღვადგინოთ და მოვაწესრიგოთ“.