ლევან კობიაშვილი - გლდანის საფეხბურთო ცენტრი ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთისთვის არის გათვალისწინებული
გლდანში მიმდინარე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
„ანალოგიური საფეხბურთო ცენტრში ვარკეთილში ჩვენ უკვე გავხსენით. სასიხარულოა, რომ ასეთ პროექტებს ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად ვახორციელებთ. მოგეხსენებათ – მიწა საკუთრებაში სფფ-ს გადმოგვეცა და სანაცვლოდ ვალდებულება ავიღეთ, რომ პროექტი წლის ბოლომდე დავასრულოთ. სასიამოვნოა, რომ მშენებლობის პროცესი უფრო ადრე დასრულდება. ვფიქრობთ, რომ საფეხბურთო ცენტრის გახსნა შესაძლებელი უკვე სექტემბერ-ოქტომბერში იქნება, როდესაც ბავშვთა საფეხბურთო ტურნირების განახლება იგეგმება. აღნიშნული საფეხბურთო ცენტრი კი, სწორედ ბავშვთა და მასობრივი ფეხბურთისთვისაა გათვალისწინებული“, – ამბობს სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.
პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული და მინი მოედნები, პლუს, ტრიბუნები და ადმინისტრაციული შენობა. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფიფა-ს პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით მიმდინარეობს. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონია 2019 წლის 8 ნოემბერს გაიმართა.