ლატვიის ნაკრების წინაღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განცხადება გაავრცელა.
პირველი არხი მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მოგესალმებით, უპირველესად, გილოცავთ გამარჯვებას! მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს და თქვენ – ყველას, ვინც მოხვედით ჩვენს მხარდასაჭერად. მჯერა, რომ ფეხბურთი გულშემატკივრისაა და თქვენი როლი იმ წარმატებაში, რასაც გუშინ მივაღწიეთ, ძალიან დიდია.
ინდივიდუალური მადლობა თითოეულ თქვენგანს პასუხისმგებლიანი ქომაგობისთვის და იმისათვის, რომ ჩვენმა ნაკრებმა სამაგალითო გულშემატკივრობის ფონზე გაიმარჯვა.
აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი გულშემატკივრის, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოება და სტადიონზე მართლწესრიგის ნორმები. სტადიონზე მშვიდი გარემო და განურჩევლად ყველა დამსწრე ადამიანის უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია!
ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გუშინდელი მატჩის მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის გარეშე! კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას და გილოცავთ ჩვენს ერთობლივ გამარჯვებას! ფეხბურთი გვეკუთვნის ყველას!“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ გამართულ ერთა ლიგის მატჩში ლატვიის ნაკრები 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.