ლევან კობიაშვილი - ეს პროექტები ქართული ფეხბურთის მომავალზე აისახება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ეწვია და სამი საფეხბურთო ინფრასტრუქტურული მშენებლობა დაათვალიერა.
საფეხბურთო აკადემიების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს რუხში, ფოთსა და გვიმბალაურში. ფეხბურთის ფედერაციას ყველა პროექტის განხორციელებაში სხვადასხვა პარტნიორი და თანადამფინანსებელი ჰყავს – უეფა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი ხელისუფლება
საფეხბურთო ცენტრებში მოეწყობა სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედნები განათებით – ასევე, ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობები. სფფ-ის წვრებთან ერთად, მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა მოინახულეს.
ლევან კობიაშვილი: „ეს პროექტები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ახლა მშენებლობები აქტიურ ფაზაშია. რუხში საფეხბურთო აკადემიას სრულად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით კი ტერიტორია გადმოგვეცა. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ. ფოთში ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა ასევე მალე დასრულდება.
ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას და ბავშვებს დავპირდი, რომ ამ ადგილზე საფეხბურთო სკოლა აშენდებოდა. მიხარია, რომ ეს პირობა შესრულდა და ძალიან მალე ფოთში ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გაჩნდება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ეს იქნება მოტივაცია, რომ ფეხბურთში ჩაერთონ. ეს კი, განაპირობებს ფეხბურთის მასობრიობას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის მომავალზე“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურის აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რამდენიმე რეგიონში აკადემია უკვე გვაქვს. მოკლე პერიოდში მათ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურის აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ“, – აცხადებს ჭუმბურიძე.