ლევან კობიაშვილი - „ავაზას“ ბაზაზე მალე კიდევ ერთი თანამედროვე ცენტრი შეიქმნება #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - „ავაზას“ ბაზაზე მალე კიდევ ერთი თანამედროვე ცენტრი შეიქმნება #1TVSPORT

ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ გადაცემაზე, რომელიც დიდი ხანი საშიშროების წინაშე იდგა, რომ დაინგრეოდა და მის ადგილზე კორპუსები აშენდებოდა.

სფფ-ის პრეზიდენტმა ემოციურად ისაუბრა საფეხბურთო კომპლექსის გადარჩენაზე, სადაც თავად და ქართული ფეხბურთის ბევრი ცნობილი წარმომადგენელი გაიზარდა.

„ჩემთვის ბედნიერი დღეა, რადგან მიხეილ მესხის სახელობის „ავაზას“ სკოლა ფეხბურთს დაუბრუნდა. ძალიან მალე აქ ვიხილავთ თანამედროვე სტანდარტების მოედნებს და ბავშვებს საშუალება ექნებათ უკეთეს პირობებში ითამაშონ ფეხბურთი.

ჩემი კარიერა სწორედ აქ დაიწყო და ორმაგად მიხარია დღევანდელი დღე. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრება და მისი და დედაქალაქის მერიის უშუალო ჩართულობით ეს ადგილი დაუბრუნდა ფეხბურთს. აქ უამრავი მოთამაშე გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გვასახელებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ გაიზრდებიან“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას „ავაზას“ სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა, გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მერიამ მიიღო.