ლევან კობიაშვილი - არის პროგრესი, მაგრამ ბევრი მიმართულებით რადიკალური ცვლილებები გვჭირდება #1TVSPORT
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართული ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის შემდეგ კომენტარი გააკეთა ლევან კობიაშვილმა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს.
„მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა. მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, როცა ფედერაცია საკმაოდ რთულ პერიოდში ჩავიბარეთ.
ჩემი მოტივაცია და სურვილი იყო და არის, რომ მეტი და უკეთ გავაკეთოთ. მომდევნო 4 წელშიც რთული გამოწვევები გველის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდთან ერთად საამისოდ მზად ვარ.
ბევრი მიმართულებით გვაქვს წინსვლა და განვვითარდით. თუმცა, არის სფეროები, სადაც უკეთესობისკენ რადიკალური ცვლილებები გვჭირდება. მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანზე დამოკიდებული. ეს ჩვენი საერთო საქმეა – ქართულ ფეხბურთში ჩართული თითოეული ადამიანის, კლუბების, მოთამაშის, ხელმძღვანლის. მომდევნო 4 წელიწადში ეს ჩვენი გამოწვევა იქნება.
ეროვნული ნაკრები ადგას იმ გზას, რომელიც გვაძლევს საბაბს და გვიტოვებს სურვილს, რომ მივაღწიოთ იმ ოცნებას, რაც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს – მოვხვდეთ დიდი ტურნირის ფინალურ ეტაპზე. ჩემს გუნდთან ერთად ვარ მოტივირებული და გვაქვს განცდა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ.
სადაა საჭირო რადიკალური ცვლილებები? საკლუბო მიმართულებით. ამ კუთხით პროფესიული ფეხბურთის ლიგა ჩვენი ჩემპიონატის ზრდას ხელს შეუწყობს. გჭირდება ფინანსურად გამართული კლუბები, რომელთა წარმატებაც ავტომატურად ნაკრების წარმატებას და გაძლიერებას ნიშნავს.
ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ უფრო და უფრო მეტი გვინდა. იმავეს ვიტყვი ქალთა ფეხბურთზეც – გვიხარია, რომ მეტი გოგონა ჩაერთო და კიდევ ბევრს უნდა თამაში. მაგრამ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებიც გვჭირდება – სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე“, – ამბობს ლევან კობიაშვილი.