ლევან კობერიძე - თქმა, რომ რეკლამით მაუწყებლის მხრიდან ჟურნალისტების სტიმულირება იქნება, ჩემთვის გაუგებარია
ლევან კობერიძე - თქმა, რომ რეკლამით მაუწყებლის მხრიდან ჟურნალისტების სტიმულირება იქნება, ჩემთვის გაუგებარია

ღრმად მწამს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიასაშუალებებს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს აუცილებლად წაართმევს, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ პარლამენტში,  „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით მსჯელობისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კითხვები საზოგადოებასა და მედიაში არ დარჩეს.

ლევან კობერიძის განცხადებით, სასურველია, რომ კანონპროექტი თანხმობით იქნას მიღებული.

„დამატებითი რეკლამა გაუგებარია. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებითი დაფინანსება სჭირდება, კანონში მუხლი გვაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 %-ი არის მითითებული, რომ შეგვიძლია დაფინანსება. შესაბამისად, ეს უფლებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან დასაბუთების შემთხვევაში, 1 ან 2 წლის განმავლობაში უფრო მეტი თანხა გამოვუყოთ, ვიდრე 0,14%-ია. რადგან კანონში მინიმუმ 0,14% წერია. მეორე მხრივ, პირდაპირ დაფიქსირება იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ჟურნალისტების სტიმულირება იქნება, კომერციული რეკლამიდან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ წამყვან კომიტეტთან პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა კანონპროექტზე, რომელიც პრინციპში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან თემას განსაზღვრავს და ყველა ჩვენგანს უნდა,  ძლიერი, დამოუკიდებელი და საზოგადოების ინტერესების მოპასუხე იყოს.

რაც შეეხება სტარტაპების თემას, ლევან კობერიძის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და დანიშნულება.

ლევან კობერიძის განცხადებით,  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ფიქრობენ, რომ  ბიუჯეტის შიგნით სტარტაპებში განაწილება, ალბათ აზრს მოკლებულია, როდესაც სახელმწიფოს სტარტაპების ძალიან კარგი პროგრამა აქვს.

„ჩემი, ისევე როგორც, მთლიანად კომიტეტის წუხილი არის ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ ორ პუნქტთან დაკავშირებით კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, ჩვენ ხმა წინაღმდეგ მივეცით. დარწმუნებული ვარ,  საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონი თუ  მიღებული იქნება, თანხმობის საფუძველზე უნდა მივიღოთ და ეს საკითხები ღიად არ უნდა რჩებოდეს. მით უმეტეს, რომ წამყვანი ეკონომიკის კომიტეტი თავის არგუმენტაციას ძალიან დასაბუთებულად გამოთქვამს. აქ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უმრავლესობის პრინციპით არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.