ლევან კობერიძე - ნამდვილად არ იყო კარგი სანახავი „ნაცმოძრაობის“ აქციის კადრები, მოვუწოდებ, წესები იყოს დაცული, ჩვენ ახლა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს
„ლელოს“ წარმომადგენელი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ვალდებულია, მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების წესები. მისი თქმით, ნამდვილად არ იყო კარგი სანახავი ბათუმში გამართული „ნაცმოძრაობის“ აქციის კადრები.
ამასთან, მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ, რაც შეიძლება დაცულად მივიდეს მოსახლეობა 31 ოქტომბერს არჩევნებზე.
„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მაქსიმალურად დავიცვათ წესები იმისათვის, რომ არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, დაშინებული მოსახლეობა დატოვოს სახლში.
არჩევნები უნდა ჩატარდეს დროულად, ჩატარდეს წესების დაცვით და სწორედ ოპოზიციური ძალების გამარჯვებით. რაც შეეხება გუშინდელ და სხვა ნებისმიერ აქციას, გუშინდელ აქციაზე, იგივე „ქართული ოცნების“ აქციაზეც, საკმაოდ ხშირად ვხედავთ, რომ მომხრეები და პარტიები არ იცავენ წესებს, რაც ეკუთვნის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას.
ნამდვილად არ იყო კარგი სანახავი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის კადრები. მოვუწოდებ, რომ წესები იყოს დაცული, ყველა ჩვენ ახლა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მივიდეთ 31 ოქტომბრამდე ძალიან ფრთხილად, დამაჯერებლად, აუცილებლად შევქმნათ ისეთი გარემო, რომ ჩვენი მოქალაქეები არ იყვნენ შეშინებული და არ დარჩნენ სახლში“, – აცხადებს ლევან კობერიძე.