ლევან კობერიძე - დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს
ლევან კობერიძე - დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს

ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე მიუძღვით დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლასა და მის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, მერაბიშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

„მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს უფრო გული. ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ, არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე მიუძღვით დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება, ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა“, – განაცხადა კობერიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მერაბიშვილი თავისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელი რიტორიკით განაგრძობს საუბარს.

„ვფიქრობ, მისი ეს განცხადება და რიტორიკა, რომელიც დღეს მოვისმინეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა. შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა. ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.

დატოვე კომენტარი