ლევან ხარაბაძე - მინდა, რომ „დინამოს“ დავეხმარო
ლევან ხარაბაძე - მინდა, რომ „დინამოს“ დავეხმარო
თბილისის „დინამოს“ მცველი ლევან ხარაბაძე დაუბრუნდა. უკვე ოფიციალურად გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში ითამაშებს.
„დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა ლევან ხარაბაძემ წელიწადნახევარი იჯარით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ „ციურიხში“ გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. ხარაბაძემ ბოლოს „ციურიხში“ 2019 წლის 25 სექტემბერს „ბაზელთან“ გასვლითი მატჩი ითამაშა. ამის მერე 20 წლის მცველი დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა. ლევანი „დინამოს“ უკვე შეუერთდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
„გადაწყდა, რომ იჯარა არ გაგრძელდებოდა და თბილისის „დინამოს“ დავუბრუნდი, რამაც გამახარა. ტრავმის გამო ექვსი თვე დასვენება მომიხდა. ახლა თავიდან უნდა დავიწყო, ფორმა და პოზიციები რომ აღვიდგინო. ფორმაში დროულად უნდა შევიდე, რადგან ჩემპიონატი მალე დაიწყება და მინდა, „დინამოს“ დავეხმარო“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან ხარაბაძემ.
ლევან ხარაბაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. სადებიუტო შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის 26 მარტს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ დუბლინში ჩაატარა – ასევე ითამაშა გიბრალტართან და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩები.