ლევან ხაბეიშვილი - ვთანხმდებით, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს
ლევან ხაბეიშვილი - ვთანხმდებით, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი, რა ფორმით იქნება, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს

ჩვენს ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, არსებული ხელისუფლება და ადმინისტრაცია არჩევნებს ვერ ჩაატარებს და ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი.

„მესამე შეხვედრაა და კარგია, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება ამ იდეის გარშემო, რომელსაც ჰქვია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ასევე, საინფორმაციო კამპანია როგორი უნდა იყოს, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძოს ხალხმა ივანიშვილის გარეშე და მნიშვნელოვანი საკითხია, თქვენც გესმით ალბათ, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქა, შავსაღებავშესხმული, დასანქცირებული კალანდარიშვილი საქართველოში არჩევნებს ვერ ჩაატარებს. რა არჩევნები უნდა ჩაატაროს კაცმა, რომელიც დასანქცირებულია თავისი ადმინისტრაციით? თავსლაფდასხმული ივანიშვილი დასანქცირებული კობახიძით რანაირ არჩევნებს ჩაატარებს? ამას არ ჰქვია არჩევნები, ისინი არჩევნობანას, პოლიტიკოსობანას თამაშობენ, ამიტომ აქ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია იქნება და არც პოლიტიკა იქნება, ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ამიტომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება, როგორ იქნება, რანაირად იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას, როგორ დარეგისტრირდებიან აპლიკაციაში, იქნება თუ არა ეს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს დროის საკითხია, სამსჯელო საკითხია, მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს ამ საკითხებზე – საქართველო ივანიშვილის გარეშე, როგორ საქართველოში უნდა გაიღვიძონ საქართველოს მოქალაქეებმა, როგორ საქართველოში სურს საქართველოს მოქალაქეს. მესამე და მნიშვნელოვანი, ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, შავად ლაქად გაჟონილმა ივანიშვილმა და კალანდარიშვილმა ვერ უნდა ჩაატარონ. ამ საკითხებზე ამ ეტაპისთვის რაღაც გარკვეული შეთანხმებები არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, აპლიკაციასთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფ ტემპებში ესეც იქნება. არის ტექნიკური საკითხები, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს და ესეც ისეთი მოგვარებადია. მთავარია, ყველას გვესმოდეს, რომ დედაქალაქში, რეგიონებში, ქალაქებში ჩასასვლელები ვიქნებით ყველა, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბატონი პაატა ბურჭულაძე ხომ, რომელიც აპირებს საქართველოს შემოვლას და ამ ინფორმაციების პირადად მიტანას ადამიანებთან, რომ თავსლაფდასხმული, შავლაქიანი, დასანქცირებული კალანდარიშვილი არჩევნებს ვერ და არ ჩაატარებს ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, შესაძლებლობა მივცეთ დასანქცირებულ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ. ლეგიტიმურობა თუ ნიშნავს, რომ ზარქუა და ალუდა ღუდუშაური აღიარებთ, ეს მათი საქმეა, ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს არც აქამდე ჩატარებულ არჩევნებს და, ცხადია, ახლა დასანქცირებულმა კაცმა რა არჩევნები უნდა ჩაატაროს, გინდა კობახიძე იქნება, კალანდარიშვილი თუ ივანიშვილი. ე.წ. არჩევნები რომ ვერ უნდა ჩატარდეს ამაზე მიმდინარეობს დისკუსია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, სამართლებრივად როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები.

„იცით, რა არის, დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და თქვენც, ჟურნალისტებს, ხალხსაც, მგონი, ეს კარგად ესმის, ხალხის მმართველობაა დემოკრატია და როცა ხალხი გასულია პროცესიდან და მხოლოდ ბიუროკრატები წყვეტენ, ვინ უნდა იყოს თანამდებობაზე, ეგ აღარ არის დემოკრატია, მით უმეტეს, სამოქალაქო აქტივისტებს ციხეში რომ უშვებენ, პოლიტიკურ ოპონენტებს რომ აპატიმრებენ, მაგას უკვე კადიროვის ჩეჩნეთი ჰქვია. ამიტომ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, ჩვენს ხალხს აქვს იმის ლეგიტიმაცია, რომ ჩაატაროს ლეგიტიმური არჩევნები. არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დასანქცირებულ კალანდარიშვილს, ივანიშვილსა და კობახიძეს ეს ნამდვილად არ შეუძლიათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება აღნიშნული აპლიკაცია, თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუ ორივესთვის, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ჩატარებასაც ხელისუფლება აპირებს, ვერ შედგება.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არჩევნებს აპირებენ 4 ოქტომბერს. ეს ცრუ არჩევნები ვერ შედგება და ჩამოგითვალეთ მიზეზები, რატომ ვერ შედგება. ეს არჩევნები, რომელსაც ისინი აპირებენ, ვერ შედგება. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც, მე დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით. და რატომ, იცით? საქართველო ივანიშვილის გარეშე, ამაზე უკვე შევთანხმდით, ახლა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ რომ არჩევნები არ ჩაატაროს, ამაზეც უკვე ახლოს ვართ, რომ შევთანხმდებით და ამის შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც იქნება გადადგმული“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.