ლევან ხაბეიშვილი - ტყუილია სპეკულაციები, რომ ჩემი კანდიდატურა რაიმე სახით იქნება ჩახსნილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან, ჩვენ არასერიოზული ადამიანები არ ვართ
ლევან ხაბეიშვილი - ტყუილია სპეკულაციები, რომ ჩემი კანდიდატურა რაიმე სახით იქნება ჩახსნილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან, ჩვენ არასერიოზული ადამიანები არ ვართ

„ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნები არის შიდაპარტიული და არა გარეარჩევნები, პოლიტსაბჭოში მომხრეები თუ ეყოლება, ვინც მის კანდიდატურას დააყენებენ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტყუილია საუბარი იმაზე, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი.

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს არა მარტო შიდაპარტიული არჩევნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს მობილიზება.

„არავის განკითხვა ჩემი საქმე არ არის. ამ ადამიანს, მის გონიერებას, ნიჭს პატივს ვცემ, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნები არის შიდაპარტიული და არა გარეარჩევნები. პოლიტსაბჭოში მომხრეები თუ ეყოლება, რომლებიც მის კანდიდატურას დააყენებენ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე ტყუილი. შესაბამისად, ტყუილებზე, ფეიკნიუსებზე ლაპარაკი სირცხვილია. ჩვენ არასერიოზული ადამიანები არ ვართ, სერიოზულ საქმეზე ვართ, მათ შორის შიდაპარტიულ არჩევნებზე ვსაუბრობთ. აქამდე შეხვედრები მქონდა გორში, რუსთავში, თელავში, აქტიურად ვაპირებ შეხვედრებს გურიაში, აჭარაში არა მარტო შიდაპარტიული არჩევნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხოს მობილიზება. მთავარი მობილიზება ჩვენ გვჭირდება რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.