ლევან ხაბეიშვილი - სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია
ლევან ხაბეიშვილი - სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია

სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც პუტინის რუსეთი მარცხდება ცივილიზებულ სამყაროსთან, საქართველო ბოროტების და წაგებულის მხარეს აღმოჩნდა.

„ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, მილიონობით ქართველი ცხოვრობსო რუსეთშიო, რომ ამბობდნენ. 100 000 ქართველი მართლა ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავი ფული და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ. ამ ადამიანებისთვის უნდა მოხდეს სრული მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს მათ ქვეყანაში დაბრუნებას უსაფრთხოდ, მათი სურვილის შემთხვევაში, ცხადია.

ყველამ კარგად უნდა გაიგოს საქართველოში, რომ ევროპა და დასავლეთი ასოცირდება მშვიდობასთან და უსაფრთხოებასთან, რუსეთი კი არის ის, რასაც ახლა უყურებს საქართველოსა და მსოფლიოს საზოგადოება. არეულობა, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება. ეს უნდა რუსეთს საქართველოშიც და ეს უნდა ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. ამ პირობებში, როცა პუტინის ბოროტების იმპერია ფაქტობრივად ჩამოშლილია და მიმდინარეობს მისი რღვევა, უმნიშვნელოვანესია, პუტინის პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მეტიც, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მას უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დაეხმაროს უკრაინაში, რათა მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

უკონტროლოდ შემოსული ათიათასობით პუტინისტია საქართველოში, არავინ არ იცის, რა საქმეზე არიან, არავის არასდროს არ გამოუძიებია, ამიტომ საჭიროა დამატებითი კონტროლი იმ რუს მოქალაქეებზე, ვისი მისწრაფებებისა და სურვილების შესახებ, ჩვენდა სამწუხაროდ, არაფერი ვიცით. მნიშვნელოვანია, არა მამაოების, პედაგოგებისა და პოლიტიკოსების მოსმენა, არამედ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ამ პუტინისტების გაკონტროლება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.