ლევან ხაბეიშვილი - როგორც რიგითი მოქალაქე, ისე ვარ ამ პროცესში, ეს არ არის პარტიებისა და პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის გემოვნების საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყანას
ლევან ხაბეიშვილი - როგორც რიგითი მოქალაქე, ისე ვარ ამ პროცესში, ეს არ არის პარტიებისა და პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის გემოვნების საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყანას

სამწუხაროა ყოველდღიურად იმის მოსმენა, თუ როგორი აგრესიული რიტორიკით არის ხელისუფლება. ნაცვლად ხალხზე ზრუნვისა, აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ათიათასობით ახალგაზრდა არის შეკრებილი საკუთარი მომავლის დასაცავად.

„ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლება 12 წლის განმავლობაში, ხალხზე ზრუნვის ნაცვლად, მუდმივად ფიქრობს, რომ რაღაცნაირად გახლიჩოს საზოგადოება და რასაც ხვალ აკეთებენ, წარმოუდგენელი ნონსენსია. იმ ადამიანების, ვინც ძალით მოჰყავთ, შვილები აქ დგანან. ფაქტობრივად, შვილებს უპირისპირებენ მშობლებს, რაც არანორმალურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ევროპა და ევროკავშირი გვჭირდება ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ეს არის ის ადგილი, სადაც ისტორიულად არის საქართველოს ადგილი, ამიტომ ეს ხალხი არ შეეგუება ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ეს ქვეყანა გახდეს რუსეთის გუბერნია. სამწუხაროა ყოველდღიურად იმის მოსმენა, თუ როგორი აგრესიული რიტორიკით არის ხელისუფლება. ნაცვლად ხალხზე ზრუნვისა, აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, აქციაში ჩართულია, როგორც რიგითი მოქალაქე.

„მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ისე ვარ ამ პროცესში და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის გემოვნების საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს და, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ათიათასობით, ასიათასობით ხალხი იკრიბება. ათიათასობით ახალგაზრდაა აქ შეკრებილი და ამბობენ – არა რუსულ კანონს! „ქართული ოცნების“ პარლამენტარების, მერების, მაჟორიტარების შვილებიც აპროტესტებენ და დგანან აქ. ხვალ რასაც აკეთებენ ისინი, ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი. რაზე მოჰყავთ ეს ადამიანები, რომ ათქმევინონ – არა ევროპას? და კი რუსულ კანონს? თუ ივანიშვილმა ოფშორებიდან ფული რომ შემოიტანოს, საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს, ამას უნდა დაუჭირონ მხარი? ხომ გვესმის, რომ ეს არის არანორმალური პროცესი. ამ ადამიანებს, რომლებიც მოჰყავთ ხვალ ძალით, აგდებენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში – საკუთარ შვილებს უპირისპირებენ და არ გამოვა ეს. ხელების გადაგრეხით და ძალადობით ქართველ ხალხს ვერ დაამარცხებენ, ვერც დაუმარცხებიათ ვერასდროს და, ცხადია, ივანიშვილიც ვერ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.