ლევან ხაბეიშვილი - პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ადამიანებზე ზრუნვის გამო ან ეთნიკურად ქართველებისთვის
ლევან ხაბეიშვილი - პუტინს საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ადამიანებზე ზრუნვის გამო ან ეთნიკურად ქართველებისთვის

ფრენებით პუტინმა საქმე გაიიოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ტერორისტ პუტინს ქეშის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, მაგალითად, თბილისიდან მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება, დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა, როდესაც სანქცირებული ოქრო ან მილიონობით დოლარი ან თუნდაც სამხედრო ჩიპები გადაგაქვს. ფაქტობრივად, ამ ფრენებით პუტინმა საქმე გაიიოლა და ამ საქმეში, ცხადია, ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა-გამოტანა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს, ომის პირობებში, როდესაც უკრაინას თავს ესხმის, აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა, პირობითად, ადამიანებზე ზრუნვის გამო ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ფრენები მხოლოდ პუტინისთვის იქნება კარგი.

„ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ პუტინისთვის, მისი ტერერისტული ზრახვებისთვის. ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუსის უფროსი – ლილუაშვილი. საბოლოოდ, რუსული პარტია საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციაში. მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით, შესაბამისად, ეს არის ის ფრენები, რომელიც უტოლდება სახელმწიფოს ღალატს. საუბარია შავი ფულის, ქეშის ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, სანქცირებული ოქროს ტარებაზე და ასევე, ეს უკავშირდება ეგრეთ წოდებულ სამხედრო ჩიპებს, რომლებიც, შესაძლოა, ამ ფრენებით გადაადგილდეს და მარტივად, რამდენიმე საათში მიიღოს პუტინმა ის, რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანია ომის პირობებში“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.