ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას ფიზიკურად დაცვა თუ მოგვიწევს, დავიცავთ
ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას ფიზიკურად დაცვა თუ მოგვიწევს, დავიცავთ

ნიკა მელიას ფიზიკურად დაცვა თუ მოგვიწევს, დავიცავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გავრილოვის დაკვეთას ასრულებენ.

„პარლამენტი საგადასახადო სამსახურს დაემსგავსა. ამბობენ, რომ თურმე რაღაც თანხას არ იხდის და 40 000 ლარი უზრუნველყოფს, რომ მელია სადმე არ მიიმალოს. სრული სიგიჟეა. არც დამალული უნახავს ვინმეს ნიკა მელია და არც ვინმეზე ახდენს ზეწოლას. გასაგებია, რომ რასაც ისინი აკეთებენ, არის პოლიტიკური შინაარსის მოქმედებები, იმიტომაც მიმდინარეობს ეს ყველაფერი პარლამენტში და არა – სასამართლოში, პირობითად ვამბობ.

რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებენ ადამიანები, რომლებსაც არც სამართალი აინტერესებთ, არ მორალური, არც პოლიტიკური საკითხი და ამასობაში ასრულებენ გავრილოვის დაკვეთას. არ ვაპირებთ იმ უსამართლობას შევეგუოთ, რა გადაწყვეტილებასაც პარლამენტი მიიღებს და შემდეგ აღასრულებს სასამართლო, რომელიც რეალობაში ივანიშვილის დაწესებულებას წარმოადგენს.

ამ ადამიანის ფიზიკურად დაცვა თუ მოგვიწევს, დავიცავთ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მგონია. რომ „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს მარტივი რამის გამო, ამას არა აქვს სამართლებრივი შინაარსი. ისინი აქაურობის შტურმით აღებას და ნიკა მელიას ტყვედ აყვანას თუ დააპირებენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება განცხადებებს, რომ სერგეი გავრილოვი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მოქმედებენ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ ჩამოიყვანა გავრილოვი საქართველოში.

„უკაცრავად, ვინ ჩამოიყვანა, ვისი ხელმოწერილი დოკუმენტით? კობახიძეს ხომ არ მოუწერია ხელი? შს მინისტრ გომელაურის  და ჩუბინიძის ესკორტები ხომ არ დაჰყვებოდა გავრილოვს, პრეზიდენტის ყოფილ ადმინისტრაციაში რომ მივიდნენ, სადაც მათ შორის მეც ვაპროტესტებდი?  ჯერ არც პარლამენტში იყო მისული და არც სპიკერის სავარძელში ჩამჯდარი, როდესაც ჩვენ მის ჩამოსვლას ვაპროტესტებდით. კობახიძემ ჩამოიყვანა ქუცნაშვილის მეცადინეობით, გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ესკორტით დაატარებდა და ახლა უკაცრავად, უნდათ, რომ ხელი აქეთ გამოიშვირონ? შემდეგ თვალები დასთხარეს მოქალაქეებს, თავად დასდევდნენ ქუჩა-ქუჩა და ეზო-ეზო ადამიანებს, ჟურნალისტებიც დააზარალეს რაღაცა დათვის ტყვიებით და ამ დროს ნიკა მელიაა დამნაშავე?  საზოგადოებამ ხომ კარგად იცის, უნდათ, რუსული მეთოდებით შემოგვასაღონ, რომ ორჯერ ორი არის 41“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.