ლევან ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არის გაზაფხულზე „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიცოცხლის გამწარება, საქმეს მივიყვანთ ბოლომდე მაგარ, ვაჟკაც, ჯიგარ და მართლა ქართველებთან ერთად
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიამ ბათუმში დაამტკიცა, რომ მაგარი კაცების, მაგარი ქართველების და მაგარი ვაჟკაცი გოგონების პარტიაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ქალბატონების, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში იბრძოლეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ქალაქი 2021 წელს პირწმინდად მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არავის არაფერი შეეშალოს იმით, რომ 14 საარჩევნო უბანზე 1 000 კაცი გადმოწერეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ელოდებოდა თუ არა იმ შედეგებს, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით გახდა ცნობილი, ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ის დარწმუნებული იყო, რა შედეგიც დადგებოდა.
„კი არ ველოდებოდი, პირდაპირ გეუბნებით, დარწმუნებული ვიყავი, რა შედეგიც დადგებოდა. 14 საარჩევნო უბანზე არჩევნები არ ტარდება. ბუნებრივად არ ტარდება. წარმოუდგენელია, ამხელა ადმინისტრაციულ რესურსს დაეჯახო. ოღონდ, მე, როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს, არ შემეძლო, ამ პოლიტიკური ველიდან გაქცევა. დღეს ამიტომ ვარ ბათუმში და მათ შორის, მთელი დღის განმავლობაში სააარჩევნო უბანზე ვიდექი. იმიტომ, რომ ჩემს კოლეგას ვცემ პატივს, რომელიც მომიკლეს. დიახ, მომიკლეს და არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს. თუ მიმდინარეობს, არ ვიცი, გვითხრან შედეგები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა არის „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა არის გაზაფხულზე „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიცოცხლის გამწარება და რაც შეიძლება, სწრაფად დასრულება.
„ყველა დღე, როცა რუსული პარტია არის ხელისუფლებაში, არის პრობლემა და თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა, მოვეფერო პარტიის თითოეულ წარმომადგენელს. მათ შორის, პირველ რიგში, ამომრჩეველს, ვინც ხმა მოგვცა და იბრძოლა. თქვენ ეთერში მინდა, მათ დავპირდე, რომ ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ მაგარ, ვაჟკაც, ჯიგარ და მართლა ქართველებთან ერთად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ხარვეზები, რაც არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირდა და რამდენად არის შესაძლებელი, ამ ხარვეზებმა შედეგებზე მოახდინოს გავლენა, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ხარვეზი არის რუსული პარტია ქვეყანაში.
„ყველაზე დიდი ხარვეზი არის რუსული პარტია ქვეყანაში. ამაზე მეტი ხარვეზი არ არსებობს. ხარვეზი არის, როცა 1 000-ზე მეტ ადამიანს გიწერენ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ ხმა მიაცემინონ. ისინი რეგისტრირებული იყვნენ ლანჩხუთში, ოზურგეთში, სხვადახვა მუნიციპალიტეტში იძლეოდნენ ხმას წინა არჩევნებზე და სპეციალურად ამ არჩევნებისთვის გადმოწერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს არის ყველაზე დიდი ხარვეზი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცხადია, ელექტრონული არჩევნები ბევრად, 90%-ით უკეთესია, ვიდრე ხელით თვლა.
„ცხადია, ელექტრონული არჩევნები ბევრად, 90%-ით უკეთესია, ვიდრე ხელით თვლა და სისულელეები. ეს არის ძალიან კარგი. ოღონდ, ჩვენი ამოცანა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს – ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ჩვენ არასდროს არ გავრბივართ ბრძოლის ველიდან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ არ დააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატურა რუსთავში, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ რუსთავში საკუთარი კანდიდატურა ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდა დაყენებული და „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, მისთვის დაეჭირა მხარი.
„მერე გადაწყდა ისე, რომ ბადრი ჯაფარიძემ მოხსნა კანდიდატურა, რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში და შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება ისედაც საჯარო და ცხადი იყო, რომ ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებდით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.